მწერალი და რეჟისორი გოდერძი ჩოხელი ყველაზე გულწრფელი თავის საქმეში იყო. გულწრფელი იყო მაშინაც, როცა თავისი საყვარელი ადამიანის, მომავალი მეუღლის ნინო მელაშვილის ოჯახში მივიდა და მის მშობლებს ქალიშვილის ხელი სთხოვა:
“- თქვენი გოგო მიყვარს, ცოლად უნდა წავიყვანო!
– ვინა ხარ?
– გოდერძი ჩოხელი.
– რას აკეთებ?
– ლექსებს ვწერ, მოთხრობებს, სარეჟისოროზე ვსწავლობ.
– ლექსებს და მოთხრობებს ყველა წერს საქართველოში და ყველა სწავლობს.
– მე სხვანაირად ვწერ.
– ვაჟა-ფშაველა ხარ?
– გუდამაყრელი.
– აქ სახლი თუ გაქვს?
– არა.
– აბა, ეს სად მიგყავს?
– შინ.
– სოფელში?
– არა, აქ.
– ბინა არა მაქო.
– მექნება.
– როდის?
– ცოლს რომ შევირთავ, მერე.
– მანამდე სოფელში ეს გოგო არ გამოგადგება, ძროხას ვერ მოწველის.
– არც მოვაწველინებ, ჩვენ აქ, ქალაქში უნდა ვიყოთ.
– სად, თუ სახლი არა გაქვს?
– ღმერთი მომცემს.
– ჰო, ჰო, დაელოდე!
– დაველოდები.
ახლა გოგოს ლამაზი მშობლები თავიანთ ლამაზ შვილს მოუტრიალდნენ:
– შენ რას იტყვი?
– მიყვარს.
– ვინ გიყვარს, ეეს?
– აი, ეს. თქვენ არ იცით, რა კარგი ბიჭია.”