11 თებერვალი, 2018

ალექსანდრა ჯაფარიძე – ილია ჭავჭავაძის „განდეგილის“ ქვაბულის აღმომჩენი

ალექსანდრა ჯაფარიძემსოფლიოში პირველი მთასვლელი ქალი ქართველია – ალექსანდრა ჯაფარიძე. 11 თებერვალს მისი დაბადებიდან 123 წელი შესრულდა.

ივანე ჯაფარიძე:

“სტეფანწმინდაში გაემგზავრა პირველი მთამსვლელი ქალი ალექსანდრა ჯაფარიძე, რათა მყინვარწვერის კალთებზე ზღვის დონიდან 4100 მ სიმაღლეზე არსებულ ბეთლემის გამოქვაბულში შეეღწია, რომელიც პირველად ლევან სუჯაშვილმა შეამჩნია 1947 წლის ნოემბრის დასაწყისში, მაგრამ შიგ არავინ შესულა. ეს ამბავი ალექსანდრა ჯაფარიძეს შეატყობინეს იმავე წლის 24 დეკემბერს.

ალექსანდრამ მყისვე მიმართა საქართველოს მთავრობას ნებართვისათვის, რომ მოწყობილიყო ექსპედიცია გამოქვაბულის გამოსაკვლევად მთავრობამ მხარი დაუჭირა ალექსანდრა ჯაფარიძის წინადადებას და მისცა მას უფლება ეხელმძღვანელა ბეთლემის საკვლევი ექსპედიციისათვის. 1948 წლის 7 იანვარს, შობა დღეს ალექსანდრა ჯაფარიძე თავის ჯგუფთან ერთად გამოქვაბულში შევიდა და სინამდვილედ აქცია ილია ჭავჭავაძის „განდეგილის“ ლეგენდა.

ალექსანდრა ჯაფარიძე

ამ მოვლენასთან დაკავშირებით დიდი მწერალი და მამულიშვილი ლევან გოთუა თავის დას – მზიას გადასახლებიდან წერდა: „ალექსანდრა ჯაფარიძეს ჩემს მაგივრად მიულოცე განდეგილის ქვაბულის აღმოჩენა. მეტად მაინტერესებს და ამ აღმოჩენის შესახებ მოუთმენლად ველი გაზეთებს ან შენ დაწვრილებით წერილს. რა შესანიშნავი თემაა გარდა სხვა ყველაფრის: ქალმა დაამხო ძველი განდეგილი ბერი და ისევ ქალმავე აღმოაჩინა იგი – ალბათ თავის ძლიერების ხელმეორედ დასადასტურებლად! ეჰ, იქნებ ოდესმე დავწერო, ჯერ კი ხელები შემოკლებული… მაქვს… 20/VIII-1948 წ.“

ალექსანდრა ჯაფარიძეს მწერალი, შესანიშნავი მთამსვლელი და საზოგადო მოღვაწე ლევან გოთუა ასე აფასებდა:

“არსებობენ ადამიანები, რომლებიც გვაოცებენ თავიანთი სიმშვიდით. მე იგი ლაშქრობისწინა ცხარე კამათის პირობებშიც მინახავს, ყოველთვის მშვიდად და გულისხმიერად გამოიყურებოდა. მაგრამ, როცა იგი წყნარი ხმით იწყებდა საუბარს, ყველა უნებურად ჩუმდებოდა და ყურადღებით უსმენდა. იგი მინახავს ალპინისტური ბანაკების მოუსვენარ ვითარებაშიც, როცა მწვერვალის შტურმის წინ ზუსტად და საქმიანად იძლეოდა უკანასკნელ განკარგულებებს, თავისი მშვიდი გამომეტყველებით ყურადღებას აქცევდა რა ყველა წვრილმანს, უნებურად მუხტავდა სიმშვიდით ახალბედა ალპინისტებს, რომლებიც პირველ მწვერვალზე მღელვარებით მიდიან და გამოცდილ ინსტრუქტორებსაც, რომლებიც მოუსვენრად გამოიყურებოდნენ. იგი უზარმაზარ ზურგჩანთამოკიდებული ვნახე აილამას რთულ ყინვარდნილზე როგორ ეკიდა თოკით უძირო ნაპრალის თავზე და იქაც ისეთივე წყნარი და თავშეკავებული იყო, როგორც ყოველთვის.

დიახ, ალექსანდრა ჯაფარიძის სიმშვიდე და თავშეკავებულობა ნამდვილად განცვიფრებს.
მთამსვლელობას იგი 1923 წლიდან მისდევს, როცა ალექსანდრე დიდებულიძის მიერ მოწყობილ მყინვარწვერის ექსპედიციაში მონაწილეობდა.

იგი, როგორც მთამსვლელი, უფროსია მთამსვლელ ჯაფარიძეთა შესანიშნავ ოჯახში. ამ ოჯახიდან იყო გამოჩენილი მთამსვლელი სიმონ ჯაფარიძე, რომელიც 1929 წელს დაიღუპა თეთნულდზე, მაგრამ ამ მსხვერპლმა მხოლოდ გაძლიერა ალპინისტური მოძრაობა.

მეორე წელსვე (1930 წ.) ალექსანდრა ჯაფარიძემ, თავის ძმასთან – ალიოშასთან (ამჟამად ალპინიზმის სპორტის ცნობილი ოსტატი) ერთად განახორციელა პირველი საბჭოთა ასვლა ბედუკუღმართ თეთნულდზე, რომელიც დაღუპული ძმის ხსოვნას მიეძღვნა. ეს საკვირველი ალპინისტური “შურისძიება” თავისი არსით ღრმად ადამიანურ გრძნობას წარმოადგენს, რომელიც სცილდება ალპინიზმის ფარგლებს.

ალექსანდრა ჯაფარიძის მთელი შემდგომი ალპინისტური მოღვაწეობა დაკავშირებულია იმ ასვლებთან, რომლებიც ქართული და საბჭოთა ალპინიზმისათვის საეტაპოა. მაგალითად, 1934 წლის პირველი საბჭოთა ასვლა უშბაზე, კავკასიონის ქედის ტრავერსი გაუვალ მონაკვეთში, ფასის მთიდან წურუნგალამდე 1938 წელს და ბოლოს წურუნგალა-შხარის უმაგალითო ტრავერსი. განსაკუთრებით ფასეულია ის, რომ ალექსანდრას პიროვნებაში ჰარმონიულადაა შერწყმული გამორჩეული ალპინისტური ტალანტი პედაგოგის ტალანტთან.

მან ასეულობით ახალგაზრდა მთამსვლელი აღზარდა. მისი უშუალო ხელმძღვანელობით სრულყოფდა და იმაღლებდა კვალიფიკაციას ალპინიზმის მრავალი ინსტრუქტორი. იგი ალპინიზმში მეგობრებისა და მოწაფეებისათვის მართლაც ცოცხალი მაგალითია.

მოწინავე მთამსვლელი, მეცნიერი, პედაგოგი, მეგობარი და საზოგადო მოღვაწე – განსაკუთრებული თავშეკავებულობითა და გულისხმიერებითაა გამორჩეული.

იგი მართლაც ერთადერთია მრავალთა შორის…”