19 იანვარი, 2018

აკაკი წერეთელი ნათლისღებაზე

ნათლისღებანათლისღება – 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. ამ დღეს მდინარე იორდანეში იესო ქრისტე იოანე ნათლისმცემლის მიერ მოინათლა.

“არტინფო” გთავაზობთ აკაკი წერეთლის ლექსს, რომელიც პოეტმა ნათლისღებას მიუძღვნა:

“კურთხეული კიდით-კიდე
მადლით ღელავს იორდანე,
შიგ სდგას ერი და ნათელს-სცემს
ერთად წმინდა იოანე.

არემარეს, იქ მღელვარეს,
მიმოავლო ლოცვით თვალი
და იხილა შორით სერზე
მგზავრი მშვიდად მომავალი.

ერს შეჰყვირა: „აჰა, მოვალს! –
და უჩვენა მგზავრი თითით, –
მე ნათელს-ვსცემ მხოლოდ წყლითა,
ის ნათელს-სცემს სული-წმიდით!“

მოახლოვდა მგზავრი, მდაბლად
მოიკითხა იოანე…
უთხრა: „მოველ ნათლის-ღებად,
მეც განმწმინდა და განმბანე“.

ჩადგა წყალში იოანე,
ნათელს-სცემდა წმინდა წყლითა
და იმავ დროს მტრედის სახედ
გადმოვიდა სული-წმიდა.”