11 იანვარი, 2018

მარიკა ლორთქიფანიძე: “ტყუილად არ მიშრომია!”

აკადემიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიცოცხლის ბოლო წლებში მას მონაზვნად აღკვეცის სურვილი ჰქონდა.

90 წლის იუბილეზე ისტორიკოსმა თბილისის სახელმწიფო უნივერსისტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად პირადი ბიბლიოთეკა გადასცა, რომელიც შალვა მაყაშვილის ფერწერულ ტილოს და 4.500-მდე წიგნს შეიცავს.

„ვიგრძენი, რომ ჩემს შრომას უქმად არ ჩაუვლია, ტყუილად არ მიშრომია. განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ ახალგაზრდობა ასე გულწრფელად გამომეხმაურა. უნივერსიტეტი არასდროს ყოფილა ჩემთვის სამსახური. ვერ ვიტყვი რომელი სახლი იყო – პირველი თუ მეორე. ამიტომ კანონზომიერია, რომ ჩემი ბიბლიოთეკა, რომელსაც წლების განმავლობაში ვაგროვებდი, უნივერსიტეტს ვაჩუქე.

ისტორიკოსობა რატომ ავირჩიე ამაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება, რადგან ჩვენ სკოლაში ისტორიას საერთოდ არ გვასწავლიდნენ. ჩვენ გვქონდა ბედნიერება გეოგრაფიის მასწავლებლად გვყოლოდა არაჩვეულებრივი ადამიანი ოლღა ჭეიშვილი, რომელსაც დამთავრებული ჰქონდა მოსკოვის უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტი, მას ისტორიის სწავლების უფლებას არ აძლევდნენ. სკოლებში როგორც საგანი ისტორია არ ისწავლებოდა და ამიტომ ისტორია ცხრილში არ არსებობდა, მაგრამ ჩვენი გეოგრაფიის მასწავლებელი გვასწავლიდა ისტორიას. მერე მივხვდი, რომ ის შეგნებულად აკეთებდა ამას. რომელიმე ქვეყნის გეოგრაფიას რომ გვიხსნიდა, ჯერ მოგვიყვებოდა იმ ქვეყნის ისტორიას და მერე გადადიოდა გეოგრაფიაზე. ჩვენს ოჯახშიც იყო ინტერესი წარსულისა და ისტორიისადმი, გენეტიკისადმი. როდესაც საბჭოთა კავშირში დაიწყო ბრძოლა გენეტიკისადმი და ამბობდნენ, რა მნიშვნელობა აქვს გენეტიკასო, ბებიაჩემი თავადის ქალი იყო, მიქელაძე და თქვა, არ მესმის, თუ ცხენის ჯიში, ძაღლის ჯიში და ძროხის ჯიში არსებობს, ადამიანის ჯიში რატომ არ არსებობსო. ისიც თქვა, ჩვენ თავადებს მართლა ცისფერი სისხლი კი არ გვაქვს, საუკუნის მანძილზე რომ შეჯვარება ხდებოდა, ამის შედეგია, რომ ცისფერსისხლიანებად ვიწოდებითო.

დედაჩემის ძმა ყოფილი კადეტი მიხეილ მიქელაძე და დეიდაჩემის მეუღლე მსახიობი და რეჟისორი ლელიკო ხოტივარი ხშირად იყვნენ ჩვენთან და სადილობდნენ. ჩვენს ოჯახში მთვრალი კაცი არ მინახავს. დიდი სუფრა იყო თუ პატარა, სვამდნენ ზომიერად. სულ ორი ოთახი გვქონდა. დედაჩემს ოთახში კარადა ცოტა ირიბად ედგა. იმის უკან ხატები ელაგა და არ უნდოდა ყველა შემომსვლელს დაენახა. ერთხელ 7 თუ 8 წლის ვიყავი, მამაჩემმა დედაჩემს უთხრა განსხვავებული სასმისი მოეტანა. ვიღაცის სადღეგრძელო დაილეს და მოვკარი ყური ქაქუცა ჩოლოყაშვილს, ჩემთვის მაშინ ეს არაფერს ნიშნავდა. გავიდნენ ამ კარადის უკან, რაღაცეები ილაპარაკეს, ძალიან გაგუდული ხმით იმღერეს, დალიეს პატარა ჭიქით და გამოვიდნენ. როცა სტუმრები წავიდნენ, მამას ვკითხე, ვინ არის ქაქუცა ჩოლოყაშვილი-მეთქი. მითხრა, შენ უკვე პატარა აღარ ხარ და უნდა იცოდე, მაგრამ ისიც უნდა იცოდე, რომ ეს სახელი არასოდეს უნდა ახსენოო. მაშინ მომიყვა მამა ქაქუცა ჩოლოყაშვილის შესახებ. ასე შემოდიოდა ჩემს ცნობიერებაში ცოტა წარსული და უფრო გვიანდელი წარსულის ისტორია.

ჩვენ ვერაზე ვცხოვრობდით და იქ იყო ძირითადად ორი დონის მოსახლეობა – ძველი ქართული ინტელიგენცია და ძველი თბილისელები. ჩვენი დაწყებითების პედაგოგი ნინო მიქელაძე დავით მეველეს ქალიშვილი იყო, ის მაქსიმალურად ცდილობდა ეს ორი დონის მოსახლეობა ერთმანეთთან დაეახლოვებინა. მაშინ ვერ ვხდებოდი ამ ყველაფერს, თორემ ახლა უკვე ჩემთვის ყველაფერი ნათელია. საერთოდ, პედაგოგებზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. ჩვენი პედაგოგები გვასწავლიდნენ მასწავლებლების პატივისცემას. ერთ მშვენიერ დღეს შემოვიდოდა ჩვენი ქართულის მასწავლებელი ონოფრე ნიკოლეიშვილი და გვეტყოდა, ბავშვებო, ადექით ფეხზე დღეს ჩემი მასწავლებლის დაბადების თუ გარდაცვალების დღეა და პატივი მივაგოთ მის ხსოვნასო. ჩვენ კი ვდგებოდით ფეხზე, მაგრამ ირონიულად გვეღიმებოდა ხოლმე. ამასაც ვერ ვაცნობიერებდი და გვიან მივხვდი, რომ მას არაფერში სჭირდებოდა ჩვენი ფეხზე ადგომა და ერთი წუთით გაჩუმება, მას სჭირდებოდა ჩვენ გვცოდნოდა, რომ მასწავლებელს პატივი უნდა სცე. მოგვიანებით ვნახე მისი საფლავი ქუთაისში მწვანე ყვავილას სასაფლაოზე, მას ასე აწერია, “ძვირფას მასწავლებელს მადლიერი მოსწავლეებისგან” და მაშინ მივხვდი, რომ მასწავლებისთვის ყველაზე დიდი ჯილდო სწორედ მოწაფეების მადლიერებაა.”