11 იანვარი, 2018

ლელა რაზიკაშვილის გენიალური იდეა

ვაჟა ფშაველას შთამომავალი ლელა რაზიკაშვილი ძველით ახალ წელს არაჩვეულებრივი იდეით ხვდება:

“ერთი იდეა გამიჩნდა ამ ახალწლების ფინიშზე და უნდა გაგიზიაროთ. თუ მოგეწონებათ თქვენც გაუზიარეთ სხვებს, არაფერი დაშავდება, კეთილი თემაა და თუ ავიტაცებთ, იქნებ რამდენიმე საათით მაინც მოვეშვათ ერთმანეთის ვირტუალურ ლანძღვა-კაწვრას!

ორ დღეში საფინიშო ახალი წელია. დიდი ეჭვი მაქვს ისევ დაიწყება ქსელზე სუფრის გადაფენა, ანუ ხორაგით სავსე სუფრების ფოტოგამოფენა, ოჯახური სუფრული შემოქმედების ვიდეოების თანხლებით.

ღმერთმა ყველას დაუსრულებელი ლხინი მოგცეთ, მაგრამ რა დაშავდება თუ თითო ოჯახმა, ვისაც ასეთი ხვავიანი სუფრის გაშლა შეუძლია, (ან ვისაც როგორ შეგვიძლია) 14 იანვრისთვის, მოვიწვიოთ ის ოჯახები, ვისაც საერთოდ არაფერი შუძლია, მოხუცებით, ან სხვის ხორაგზე თვალ და გულ დარჩენილი ბავშვებით და მათთან ერთად მოვილხინოთ!

უამრავი ოჯახია ისეთი, ვინც ამ საახალწლო ფოტოებზე დაყრილ ნუგბარებზე დიდი ხანია ოცნებობს და კიდევ კარგა ხანს იოცნებებს თუ არ წავეშველებით!

განა რამდენი ვართ ამ პატარა ქვეყანაში და იქნებ ასეთი გზით, ახალ წელს მაინც, მშიერი და გაუხარებელი აღარავინ დარჩეს!

იქნებ ამ ერთი დღით განურჩევლად ყველასთვის დადგეს დღესასწაული!

მათი მოძიება არ არის რთული, უკეთესია თუ უცნობებში მოვძებნით. იქნებ ახალი მეგობრებიც გავიჩინოთ ამ გზით.

იმედი მაქვს კარგი დღე გამოვა!
არც ის იქნება ურიგო, თუ ამ დღეს ტრადიციად ვაქცევთ და 14 იანვარს საერთო სიხარულის ახალი წელი დაერქმევა!

აბა ჰეე! გამოგონებული სახელები და დღესასწაულები ძალიან გვიყვარს და დიდი ენთუზიაზმით ავიტაცებთ ხოლმე. გნებავთ სულ სხვა რამ დაარქვით ამ დღეს და ამ სტუმრიანობას, თქვენი ნებაა.

მთავარია თარიღი ყველასია, სუფრაც ბევრგან სავსეა, სტუმარსაც ბევრი ელოდება, ხოდა ვისტუმროთ ისინი, ვისაც ჩვენი დაპატიჟება ყველაზე მეტად გაეხარდება, ყველაზე მეტად სჭირდება!

მოდით, ვცადოთ!
მრავალ სიხარულის ახალ წელს!
მასპინძლებს და სტუმრებს ერთად!”