როგორ გადაარჩინა აკაკი წერეთელმა ჯიბგირი

4 იანვარი, 2018

როგორ გადაარჩინა აკაკი წერეთელმა ჯიბგირიერთხელ აკაკი წერეთელს ჯიბგირი მიეპარა და ჩუმად ხელი ჩაუყო ჯიბეში, სადაც ნაწერი ქაღალდების მეტი არა იყო რა. პოლიციელმა შენიშნა და შეიპყრო ჯიბგირი. როცა მწერალმა დამფრთხალი და შეშინებული ახალგაზრდა ქურდი დაინახა, შეეცოდა, მიუბრუნდა და სიცილით უთხრა:

– შე კაცო, აკი ერთხელაც გითხარი, მაგას ნუ შვრები მეთქი! რად იცი ხოლმე ჩემს ჯიბეში ხელის ჩაყოფა? ხელნაწერი რომ არ წაიკითხო, არ იქნება? როცა დაიბეჭდება, მაშინაც მოესწრები სხვებთან ერთად წაკითხვასო!

პოლიციელმა იფიქრა, ალბათ, ნაცნობები არიანო, ჯიბგირს ბოდიში მოუხადა და გაუშვა.

რამდენიმე წლის შემდეგ, პოეტს წერილი მიუვიდა, სადაც ეწერა: “დიდი ხანია, რაც კი რამ დაბეჭდილა თქვენი და იბეჭდება, ყველაფერს ვკითხულობ. თქვენ რომ პირველად გნახეთ, იმ დღიდანვე ხელი ავიღე, მე ჩემს პირვანდელ ხელობაზე. შევისწავლე წიგნების აკინძვა და თუ ინებებთ, თქვენ ამას ნახევარ ფასში გაგიკეთებთო.”