გელა ფარჩუკიძე: “ეს მხოლოდ დასაწყისია!”

3 იანვარი, 2018

“ნიჭიერის” წლევანდელი გამარჯვებულის კაპელას ხელმძღვანელი მაესტრო გელა ფარჩუკიძე ყველას მადლობელია, ვინც მისი აღსაზრდელების შრომა დააფასა, თუმცა სწყინს, როცა ქართველებისგან წყენას, შურს, ბოღმას, ცინიზმს გრძნობს და მათი მხრიდან ესმის, რომ “მუსიკა რა ფეხების ნიჭიერებაა”, ან “ამდენ ბავშვს კანეშნა მხარდამჭერები ეყოლებოდაო.

გელა ფარჩუკიძე:

დავჯექ წერად უსტარისა მადლობისა მე სათქმელად
ღმერთმა მობოძა კაპელა სიკეთისა მე საქმნელად
მინდა ბავშვები გავზარდო გულით, გონით წესიერი
ვინც ამ გზაზე გამომყვებით – გლოცავთ მამა ზეციერი… (შოთასებრი)

მშვიდობა და სიკეთე თქვენდა და სრულიად სამშობლოს ჩემო ძვირფასებო…
მეგობრებო და ახლობლებო, ნათესავებო და ჩემო კეთილო ადამიანებო, ვინც მე სიხარული მაჩუქეთ და თქვენი სიხარულით ანთებული თვალების სიკაშკაშით ახალი წლის ბრწყინვალებაც კი გადაფარეთ…
გილოცავთ ახალ წელს… ბედობას… მოგვიანებით საშობაოდაც მოგეფერებით… ალილუია…

დღეს მადლობის სათქმელად გაწუხებთ… უფლისა და თქვენის წყალობით გავიმარჯვეთ.. .(ეხლა ხომ ვიცი ბევრი თქვენგანი ფიქრობს “ეს ერთი და სხვა მრავალი” – ამინ.)

მადლობა ამისათვის უფალს… მადლობა, უფალო, ყოველი გათენებული დილისთვის, სიხარულის ყოველი წამისთვის…

მადლობა ყველას, ვინც ხელი შეგვიწყო და დაგვეხმარა ამ პროექტში მონაწილეობაში.

დიდი მადლობა მის უდიდებულესობა ქართველ ხალხს, რომელმაც თავისი რჩეული გაგვხადა.. .ერს და ბერს… მადლობა მამაოებო თქვენი ლოცვისა და სმსებისათვის (თქვენი ისედაც მწირი ჯიბიდან)…
მინდა აქედან მოვეფერო ჩემს “გადარეულებს” – რომლებიც ძლივს, მაგრამ მაინც ბოლომდე გამომყვნენ ჩემპიონობისაკენ…

დიდი მადლობა ყველა მშობელს, რომლებიც გვერდში ედგნენ “ჩემს” (ანუ მათ საკუთარ) შვილებს უბედნიერესი სახისა და თვალების დასანახად… (მათ შორის დედაჩემსაც, რომელმაც დიდი განსაცდელითაც კი (მძიმე ავადმყოფობა) არ მომაცდინა ამ დიად მიზანს…

მადლობა ყველა პედაგოგს, რომლებმაც ღირსეულად აპატიეს ბავშვებს სკოლაში გაცდენები…

დიდი მადლობა ერთ-ერთ მშობელ ქალბატონს, რომელსაც მეუღლე გარდაეცვალა… დამირეკა და მთხოვა – დაკრძალვამდე გვაპატიეთო გაცდენა… ხუთშაბათს 3 საათზე დავკრძალავთ და იქიდანვე წამოვა რომ 5 საათზე არ დააგვიანოსო… ცრემლები თავისთავად წამომივიდა…

აი… რა გინდა ეხლა ამის მერე თქვა…

მე კი ვიტყვი….!!!!!

მინდა გჯეროდეთ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია… ჩვენ ბევრჯერ გაგახარებთ და გაგაოცებთ… ამისათვის, პირველ რიგში, უფალს ვთხოვ შემწეობასა და წყალობას – თქვენ კი გამძლეობასა და მხარში დგომას…
ალილუია… დიდება შენდა ღმერთო ჩვენო… დიდება შენდა…

P.S-ის ნაცვლად:

ვფიქრობდი ამაზე მეთქვა რამე თუ არა… მაგრამ ჩემი “ბარტყები” წუხან და ამიტომაც გადავწყვიტე დამეწერა…

ჩვენს მიერ “QUEEN”-ის “Bohemian Rhapsody”-ს უკვე 33 მილიონი ნახვა აქვს… მილიონობით LIKE და SHARE…
იმ მილიონი კომენტარებიდან, რომლის წაკითხვაც და გადახედვაც მოვასწარით მე და ჩემმა სამეგობრომ – ერთი უარყოფითი კომენტარიც კი არ ყოფილა…

აი ჩვენთან კი… ოოოოოო…
“ნიჭიერის” გვერდზე კომენტარების 95 % ბოღმა… შური… ცინიზმი… წყენა….
საწყენია უფრო მეტად ის, რომ ამ ადამიანებს მუსიკა (ვციტირებ) “მუსიკა რა ფეხების ნიჭიერებაა”… “ამდენ ბავშვს “კანეშნა” მხარდამჭერი ეყოლებაო… (ეს ვითომ არგუმენტი).

და რა ვქნა ეხლა – მუსიკა რომ ნიჭიერება არ არის და მხოლოდ “ცუღლუტობაა” – ბახიდან დღემდე მოვიხადო ბოდიში თუ ცოტა აქეთ – მოცარტისა და ბეთჰოვენის პერიოდიდან მაპატიებთ?

ან იქნება ფალიაშვილის სახელით (რომელსაც ჩვენი სკოლა აქვს დამთავრებული), თუ რეზო ლაღიძის სახელით, ან სულაც ჯანსუღ კახიძის (იმის სულს ვენაცვალე – მისი იდეა იყო ეს კაპელა) სახელით ჯობია (ეროვნული რომ დავიჭიროთ) ბოდიშის მოხდა?

ან იქნება ფრედი მერკურის, პოლ მაკარტნის, ჯონ ლენონის, სტივი უანდერის, სტინგისა და სხვა მრავალის სახელით ჯობია ამის გაკეთება?

და იაპონელს რომ გაემარჯვა – ხომ ბედნიერი იქნებოდით ყველა…
ოეე… თქვენ ცოტა……….ანუ “გულთგონთახართაა”..??
მუსიკა ღვთაებრივი ნიჭია და არა მიწიერი… მიწიერ ბევრ უნარს გამოიმუშავებს ადამიანი ტიტანური შრომით…
ზეციურს კი – ვერასოდეს …..

ეეეეხ… ისევ დიდ ილია მართალს დავესესხები “ფინალს”…
“ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი…
მტრის არმცნობი,
მოყვრის მგმობი,
გარეთ მხდალი, შინ ძლიერი…”

P.P.S. გენაცვალეთ ყველას, ვინც იხარეთ ჩვენი სიხარულით…
უფალმა დაგიბრუნოთ სიკეთით და სიხარული არ მოგაკლოთ…

ჩვენს არაკეთილისმსურველებს კი მინდა გირჩიოთ – აბა სცადეთ “QUEEN”-ის “Bohemian Rhapsody”-ს მეორე ნაწილის სიმღერა და თუ შეძელით – მერე დარწმუნდებით, რომ ეს წარმოუდგენელი სირთულის რამაა ჩვეულებრივი ადამიანისთვის…

ჩემი ბალღებს კი ეს არ გაუჭირდათ… იმიტომ რომ არაჩვეულებრივები არიან… ანუ ნიჭიერები.
და კიდევ – ვერაფრით ვერ დაგამშვიდებთ – ჩვენ კვლავაც ვაპირებთ ამ გზაზე სიარულს – სადიდებლად უფლისა და გახარებად ერისა…
….და უკუნისამდე… ამინ.

ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო – შეგვეწიე და გვაცხოვნენ ჩუენ… ამინ.”

გააზიარეთ

 
...