აზერბაიჯანული გამოცემა: დავით გარეჯი ალბანური კულტურის ძეგლია

25 იანვარი, 2018

დავით გარეჯი– დავით გარეჯი ალბანური კულტურის ძეგლია, – ამ განცხადებას აზერბაიჯანული გამოცემა ავრცელებს.

გამოცემა სახელმწიფო საზღვრების შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ მონასტერი ალბანური კულტურის ძეგლს წარმოადგენს და მას “ქეშიშჩი-დაღს” უწოდებს.

“სახელმწიფო საზღვარი: აზერბაიჯანი რუსეთს უკვე მოელაპარაკა, მაგრამ აი, საქართველოს…” – ეს არის სტატიის სახელწოდება, სადაც სახელმწიფო საზღვრების დემარკაციაზეა საუბარი.

აზერბაიჯანი და რუსეთი საზღვრის დემარკაციაზე შეხვედრას თებერვალში ბაქოში გამართავენ. საქართველოსა და აზერბაიჯანის შეხვედრა კი დელიმიტაციის საკითხზე 2018 წლის პირველ კვარტალშია დაგეგმილი.

გამოცემას ამ თემაზე პოლიტილოგი ფიკრეტ სადიხოვი ესაუბრა:

“აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობის ამ ეტაპზე სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის საკითხი საჭირბოროტოდ არ არის მიჩნეული. ჩვენს სახელმწიფოებს შორის არის საკითხები, რომლებიც მარტივად გვარდება. ბაქო-თბილისის ორმხრივი ურთიერთობის ფორმატი სტრატეგიული ხასიათისაა, ორივე ქვეყანა ჩაბმულია ერთობლივ პროექტებში და დარწმუნებული ვარ, რომ ამას საქართველოშიც კარგად ხედავენ და აცნობიერებენ.

ქართულმა მხარემ ამ სიტუაციაში, თუ მას აზერბაიჯანთან მჭიდრო ურთიერთობების გაგრძელება სურს, სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პრობლემას უფრო ფართოდ უნდა შეხედოს.

მიმაჩნია, რომ დელიმიტაციის საკითხში რომელიმე კონკრეტულ უბანზე ჩაციკვლა არ შეიძლება, უბრალოდ საჭიროა კომპრომისზე წასვლა აზერბაიჯანთან. საქართველოს შეუძლია გარკვეულ დათმობებზე წავიდეს. ჩვენს ქვეყნებს შორის ხომ მჭიდრო თანამშრომლობაა… არ უნდა დავუშვათ, რომ ჩვენს შორის დარჩეს კითხვები და ამან კონფლიქტამდე მიგვიყვანოს.

უმჯობესია, ერთად ვებრძოლოთ იმ საერთო საფრთხეებს, რომლებიც რეგიონის წინაშეა და საერთო რისკებიც ერთად დავძლიოთ. სწორედ ამიტომ საჭიროა ურთიერთგაგება და სირთულეებისა და პრობლემების ერთობლივი გადალახვა.”

გააზიარეთ

 
...