21 დეკემბერი, 2017

გოგი დოლიძე – საქართველოს ბულბული

მიუხედავად იმისა, რომ მომღერალი გოგი დოლიძე დიდი ხანია გარდაიცვალა, ის და მისი შემოქმედება ქართულ საზოგადოებას დღემდე ახსოვს და დიდი სიყვარულით იხსენებს.

გოგი დოლიძის შესახებ მისი მეგობრები საუბრობენ:

ნუგზარ ფოფხაძე:

“გოგი დოლიძე რა მომღერალიც იყო, ყველამ იცის: დიდებული! მართლაც, ბულბული! მაგრამ, კიდევ უფრო დიდი, ასჯერ, ათასჯერ უკეთესი პიროვნება გახლდათ! კრისტალივით სუფთა, ალალი და უშურველი!

მსგავსი სიკეთით სავსე, იშვიათად შემხვედრია ადამიანი. თბილზე უთბილესი! უღალატო, უერთგულესი მეგობარი! ლაღი, საოცრად ლაღი, საოცრად ხალისიანი, სიცოცხლის მოყვარული! კაცი, რომელსაც სხვისი წარმატება არანაკლებ, ზოგჯერ კი საკუთარზე მეტად უხაროდა!

ხელის გამართვა მან რომ იცოდა დაუმადლებელი, ისეთი უნდოდა… ეს მაშინ, როცა თავად მას ფული არასოდეს არ ჰქონდა, არასოდეს!.. მაგრამ თუ შეატყობდა, რომ გიჭირდა, წავიდოდა, რაღაც “მანქანებით” მაინც იშოვნიდა, უფრო ხშირად საკუთარ ვალად აიღებდა და ისე მოგაწვდიდა, რომ უხერხულადაც კი იგრძნობდი თავს, მისგან ეს დახმარება არ მიგეღო. თანაც, იქეთ იყო არა მარტო გახარებული, არამედ მადლიერიც! მისგან გაღებული სიკეთე რომ მიიღე და ამით დააფასე, გაახარე…

გოგის არ ჰყავდა მტერი! არც მოშურნე!… და არც შეიძლებოდა ჰყოლოდა ავთვალად შემყურე ვინმე, რამეთუ ბევრს გაუკვალა გზა! ბევრსაც დაულოცა! და ეს მაშინ, როცა იღწვოდა და ტრიალებდა ისეთ სფეროში, სადაც შური, სამწუხაროდ, “ჩვეულებრივი” მოვლენაა…

ალბათ, გოგი იყო ერთ-ერთი გამონაკლისი, რომელზედაც არ ვრცელდებოდა პოეტური ფრაზა: ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი!”

ანზორ ერქომაიშვილი:

“უცხოელები განცვიფრებული იყვნენ გოგის სიმღერით, ეს კაცი რომ ევროპაში მოღვაწეობდეს, იგი ესტრადის აღიარებული ვარსკვლავი იქნებოდაო. მას გენიალურდ სიმღერის გარდა, კიდევ ერთი საოცარი თვისება ჰქონდა, იგი სულში უძვრებოდა მსმენელს, ჰიპნოზურ ზემოქმედებას ახდენდა მასზე. გოგი ყველა ოჯახის სასურველი სტუმარი იყო. მას ხომ ყველა უყვარდა. ეტყობა ამდენ სიყვარულს გულმა ვეღარ გაუძლო.

მერაბ ხაჩიძე:

“ერთხელ თამაზ ტყემალაძემ იხუმრა: თავანკარა კახურით სავსე ჭიქას გოგი ისეთი სახით მიიტანს ტუჩთან, ღვინო აღარ მოგინდებაო და ასეც იყო. არც ერთ წვეულებაზე დროზე არ მისულა და იშვიათად სადმე ბოლომდე რომ დაჩენილიყო. ბუნებით საკმაოდ მორიდებული იყო და უარის თქმა უჭირდა, თორემ ქეიფისა და დროსტარებისთვის ნაკლებად ეცალა. გასაკვირი იყო, რამდენს ასწრებდა. იცლიდა ყველასთვის და ყველაფრისთვის საკუთარი თავისა და ჯანმრთელობის გარდა.”

გიორგი ლიპარიშვილი, გოგი დოლიძის შვილის, ლევანის მეგობარი:

“ერთხელ თბილისში კოკისპირულად წვიმდა, გაჩერებასთან ქალი უქოლგოდ იდგა და გაურკვეველი დროით ელოდებოდა ავტობუსს. გოგის მანქანა გაუჩერებია და მორიდებით შეუთავაზებია სახლამდე მიყვანა. ქალს დიდი მადლობა გადაუხდია და უთქვამს, რომ ვერ შეძლებდა მის დახმარებას, რადგან ის ბათუმში მიდიოდა. გოგის უცებ გახარებია. რა დამთხვევაა, ქალბატონო, მეც ბათუმში მივდივარო. გოგიმ ქალბატონი ბათუმში ჩაიყვანა და უკან გამობრუნდა. მას გეზი, ქალის წვიმაში დანახვამდე ბათუმისკენ სულაც არ ჰქონდა. ის თბილისში თავის საქმეზე მიდიოდა.”