16 დეკემბერი, 2017

“ძალიან ამაყი ვარ”

აცხადებს მწერალი დინა მირცხულავა და ამის რეალური მიზეზი აქვს:

“ძალიან ამაყი ვარ. ერთმა არაჩვეულებრივმა პედაგოგმა მახარა, რომ მის რამდენიმე მოსწავლეს დაავალა ამ მოთხრობის განხილვა.

თქვენც წაიკითხეთ.

წიგნიდან “მზეზე გაფენილი ამბები”

“უწყინარ გიჟს, ჩიჩილაკივით გაწეწილი თმებით, ვერაფერი წაშლის ჩემი მეხსიერებიდან. ახლაც თვალწინ მიდგას მისი სახე. წვრილი ტუჩები ჰქონდა და მსხვილი თვალები. ხელები მოკლე და ფეხები – გრძელი. სულ მეგონა, რომ ღმერთს მისი შექმნისას, რაღაცები შეეშალა, იმიტომ რომ ძალიან არ უხდებოდა მსხვილ თვალებს, წვრილი ტუჩები და არც მოკლე ხელებს – გრძელი ფეხები.

მეზობლის თხაჯანა გოგოს და მე, მისი გაბრაზების მეტი სხვა საქმე არ გვქონდა. საათობით ვბჭობდით, რა გვეხიმანდრა და როგორ გაგვეწყალებინა გული იმ უბედურისთვის.

ძველი, დანგრეული შენობა ჰქონდა ამოჩემებული, ადრე კლუბს ეკუთვნოდა. სცენის ადგილას, სადაც ფიცარი იყო დაგებული, იქ ჰქონდა საწოლი, ძველი მატყლის ლეიბი ეგო ქვეშაგებად და უცნაური ის იყო, რომ სწორედ ის ადგილი ჰქონდა არჩეული, სადაც ისე წვიმდა, როგორც გარეთ.

მერედა რა გაუთავებელი წვიმები იცოდა შემოდგომა -გაზაფხულობით.

შუა ზამთარშიც ის ჭრელი სარაფანა ეცვა, რასაც ზაფხულში იცვამდა და სულ საცვლების გარეშე. ჯდომის ისეთი წესი ჰქონდა, რომ ყველაფერი უჩანდა.

ეს ორი ნაბიჭვარი მივიდოდით და ვუჭვრიტინებით, ვიხეოდით სიცილით, იატაკზე ვიშხლართებოდით.

– გიჩანს, გიჩანს!!! – ვყვიროდით.

რაც მოხვდებოდა ხელში, ყველაფერს გვესროდა. ბოლოს გვნებდებოდა. ჩვენ კი არა და არ ვიღლებოდით.

მოგვშივდებოდა და დაადგებოდა გიჟსაც საშველი, სახლში მივრბოდით საჭმელად და ვასვენებდით ცოტა ხანს. თვალებს მილულავდა და ისევ დავაცხრებოდით, ბოლო ლუკმით ყბაგაბერილები.

არ ვიცი, დღესაც არ ვიცი, რატომ ვიქცეოდით ასე?!

რის დამტკიცებას ვცდილობდით?!

იქნებ სწორედ ესაა ის, იატაკქვეშეთში რომ ვმალავთ ყველა რაღაცას?! იქნებ სწორედ ესაა, ის დანაშაული, ყველა ადამიანს რომ უნდა ჰქონდეს ჩადენილი, რათა სინანული ისწავლოს?! იქნებ სწორედ იმ გიჟთან გადაკვეთამ უნდა გადამიწყვიტოს საბოლოო ადგილი ჯოჯოხეთში მელის თუ სამოთხეში?!

დღემდე ამოცანად რჩება ჩემთვის, რატომ გვიშვებდა ღმერთი ვა ბანკზე?! რატომ გვაძლევდა ამდენის უფლებას?!

მაშინ კი მეგონა, რომ აუცილებლად უნდა გაგვებრაზებინა, იმიტომ რომ შეცდომით დაიბადა, შეეშალა ღმერთს რაღაცები და თვითონ ხომ ვეღარ მოკლავდა?! ჰოდა, მე და თხაჯანას დაგვავალა, მისთვის

გული გაგვეხეთქა…

ძროხებისა და ცხენების ეშინოდა საწყალს.

დავერეოდით საქონელს და შენობაში შევურეკავდით.

ცხენების იმ თხაჯანასაც ეშინოდა, ვერაფრით შევაჩვიე, რას არ ვეუბნებოდი, გიჟის პაროდიასაც ვაკეთებდი, რა დაემართებოდა ცხენის დანახვაზე, მაგრამ ვერაფრით დავითანხმე :

– მე რომ არ ვიქნები, ისე შერეკე და მერე მომიყევი, როგორ იკივლებსო…
ვეჯიბრებოდით ერთმანეთს, ვინ უფრო დიდ ბოროტებას მოიფიქრებდა გიჟისთვის.

– ბუჰ! – ფანჯრიდან გადავძვრებოდი და გულს გავუხეთქავდი.
ყურებზე მიიჭედებდა ხელებს.

– წივის, წივის, წივის. – თვითონაც საცოდავად გასწიოდა.
იმ დღისითაც გამოვუარეთ სკოლიდან. გაკვეთილზე კიბორჩხალა წავართვით ზაზას და უნდა მიგვეგდო.
ძველი შენობიდან გაუჩერებელი ხველა მოგვესმა:

– ჩუ! – ტუჩებზე თითი მივიდე. წელში მოხრილებმა შევარჩიეთ სათვალთვალო ადგილი და ვუყურებთ. წამს არ ასვენებს ხველა. იხრჩობა ქალი. ასე მგონია, ფილტვი გადმოუვარდება ახლა პირიდან, ერთხელაც რომ ძლიერად დაახველოს.

– ჭინკები! – ამოილუღლუღა ჩვენ დანახვაზე.

აღარ დაუკივლია. ძალაგამოცლილი იყო. ჩვენც გამოვძვერით სამალავიდან.

– მშია! – საცოდავად ამოგვხედა.

მაშინ პირველად გავიგე, რომ შესაძლებელი იყო, გიჟს მოშიებოდა, მოწყურებოდა, შეციებოდა. საერთოდაც, რაიმე ადამიანური თუ გააჩნდა, არ მეგონა.

– აი, ჭამე! – გამხმარ ნეხვს გაკრა ფეხი თხაჯანამ და ძალად გადაიხარხარა, მაგრამ ვერ ავყევი.
უმძრახად დავუყევით ორღობეს.

– შეგეცოდა? – რამდენიმე ნაბიჯი მქონდა სახლამდე დარჩენილი და გულმა არ მომითმინა, მაინც ვკითხე თხაჯანას.

– არა, რატომ უნდა შემცოდებოდა?! თუ შია, ჭამოს…

– ჰო, არც მე შემეცოდა, ახველოს და იყოს! – არ ჩამოვუვარდი „სიბოროტეში“ თხაჯანას.
თუმცა ეზოში შესულს არ ვიცი, რა დამემართა, მაგრამ ბალახიც კი მეცოდებოდა, ფეხს რომ ვადგამდი.

ჩუმად ვყლაპავდი ნერწყვს.
ჩუმად ვსუნთქავდი.

მე და თხაჯანა არც დავემშვიდობეთ ერთმანეთს. მეტიც, საღამოს ონავრობებიც კი არ დავგეგმეთ.
იმ დღეს პირველად შევამჩნიე, რომ ჩვენი ძაღლი კოჭლობდა და შემეცოდა.

პირველად დავინახე იმ დღეს, რომ კრუხისთვის ბებოს დიდი ქვა ჰქონდა ფეხზე მობმული, წიწილები რომ შორს არ წაეყვანა და ისიც ძალიან შემეცოდა.

ყველა და ყველაფერი მეცოდებოდა იმ წუთას, საკუთარი თავის გარდა.
ეს მე ვიყავი შეცდომა, გიჟი კი არა.

იმ დღეს დავაკვირდი, რომ თაზოს – ჩემს საფიცარს, სწორედ რომ მსხვილი თვალები და წვრილი ტუჩები ჰქონდა.

იმ დღეს პირველად მომინდა, რომ უბრალოდ ადამიანი აღარ ვყოფილიყავი.
აი, იმ კრუხად გადავექციე ღმერთს და ჩემთვისაც ასე გამოება დიდი ქვა ფეხზე, რომ თხაჯანასთან ვეღარ გავქცეულიყავი და გიჟი ვეღარ გაგვებრაზებინა…

ჰამაკიდან გველნაკბენივით წამოვხტი და საბუდარში გავიქეცი. რამდენიმე წუთში, ძველ შენობაში შემწვარი კვერცხის სუნი შეერია ნესტის სუნს. იმავე ადგილას იჯდა და ისევ გაუჩერებლად ახველებდა.
უნდობლად ამომხედა.

– მანახე, რას მაჭმევ ? – არ მენდო და არც მწყენია.

მომინდა რომ ვეცემე… დედას გეფიცებით, არ გავინძრეოდი, არ გავექცეოდი, ხმას არ ამოვიღებდი… მაგრამ თავზე ხელი გადამისვა, მადლობაო, ასე მითხრა და ხელზე მაკოცა.

ისიც სინანულად მექცა, რომ იმ წუთას არ ჩავეხუტე. ჩემი ხელით კი ვაჭამე. ფართოდ ხსნიდა წვრილ ტუჩებს. მგონი, ძალა არ ჰქონდა თავისი ხელით ეჭამა.

უცებ ფეხის ხმა გაისმა კიბეებზე.

– ვიღაც მოდის. არ თქვა, რომ აქ ვარ! – თეფშს დავტაცე ხელი და დავიმალე.

თხაჯანა იყო. თაბახში გამოეხვია ყველი, ნედლი ხახვი და თევზი. სუნი ეცა. ცხვირის ნესტოები აათამაშა.

– ყოფილან ჩემამდეც, მაგრამ თევზი ხომ არ მოუტანიათ?! – ძლივს აწია გიჟმა ხელი და წაეპოტინა თევზს.

– ასე არა, მე თვითონ გაგირჩევ და მერე წავალ…

ნეტავ გენახათ, როგორ საგულდაგულოდ ურჩევდა თხაჯანა თევზს. ამის გადმოცემა გამიჭირდება. მსგავსი ზრუნვა დიდობაშიც არ მინახავს არავისგან.

– აქ არ ვყოფილვარ, იცოდე, „იმას“ არ უთხრა! – ხელები თაბახის ნაგლეჯს შეაწმინდა და წავიდა.
„იმაში“ მე ვიგულისხმებოდი.

დღესაც არ ვიცი, რატომ გვრცხვენოდა ჩვენ ორს სიკეთის კეთების და რატომ ვემალებოდით ერთმანეთს?!

გიჟი მალევე დამარხეს სოფლის სასაფლაოზე.

– „ნათესავმან მისმან დაიმკვიდოს ქვეყანა.“ – ასე ბუტბუტებდა მღვდელი მის ცხედართან და მე და თხაჯანა თვალებით შევეფეთეთ ერთმანეთს. დარწმუნებული ვარ, რომ იმ წუთას ორივემ მის ნათესავებად ჩავთვალეთ თავი…

და ვინაიდან ჩვენ არაკეთილმოსურნე ნათესავები ვიყავით, ვერ დავიმკვიდრებდით ქვეყანას.
წლების მერე თხაჯანა ცხენიდან გადმოვარდა (ძალიან მიკვირს, მათი შიში როგორ დაძლია) და დარჩენილი სიცოცხლე ინვალიდის ეტლში გაატარა.

მე… მე კი ზუსტად გიჟის სტატუსით ორჯერ გავიარე რეაბილიტაციის კურსი ფსიქიატრიის ცენტრში.
აღსასრული არ ვიცი, როგორი მექნება, მაგრამ თუ მეც მასავით რომელიმე ძველი შენობის არჩევა მომიწევს, იმ კუთხეში დავიგებ ქვეშაგებს, სადაც არ დააწვიმს!

იმიტომ რომ მე უნდა ვიცოცხლო დიდხანს, დიდხანს და სინანულში…”