7 დეკემბერი, 2017

სპარტაკ ბაღაშვილი – უნიკალური ქართული კინოს ისტორიაში

7 დეკემბერს ქართული კინოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის სპარტაკ ბაღაშვილის დაბადების დღეა. მას თეატრმცოდნე ნოდარ პაპუაშვილი იხსენებს:

,,ღმერთო, მომმადლე ძალა, რომ ვატარო ქართველობა ჩემი” – მეფე ლუარსაბ მეორე

სპარტაკ ბაღაშვილი-100?

ერთხელ, თეატრალური ინსტიტუტის პრაქტიკის პედაგოგმა, ევგენია ქართლელმა (მსახიობის დეიდაშვილი) მითხრა – საიდან არის სპარტაკი 1914 წლიანი, როცა მე მასზე გაცილებით უმცროსი ვიყავი. ის 1917 წლის 7 დეკემბერს არის დაბადებულიო!

,,კინოსტუდიის მოლარეს
ჩემო საყვარელო!
ჯგუფს ჩემი გადაღების ფული არა აქვს! სალაროდან არც ნდობით მოიჩქმიტება, მაგრამ ნუ მიუარებთ – ორშაბათამდე თქვენი მოვალე ვიყვე. ახლა ათი მანეთით გაწუხებთ წამლების შესაძენად. ალბათ სახელმწიფოს სისაწყლეა ასეთი თხოვნით შეწუხება თქვენი, ანდა სახელმწიფოს გაჭყლეტილი ვარ.
თუ შესაძლებელია, ნუ მიუარებთ!
პატივისცემით, სპარტაკი.
14 იანვარი, 1977 წელი”

ანუ, ძველი ახალი წელია!
თურმე… (ან რა საჭიროა) ისე იცოდა მსოფლიო ლიტერატურა, როგორც არავინ! ისე იცოდა შექსპირი, სტალინი აღფრთოვანებაში მოჰყავდაო. ისე იცოდა საკუთარი ერის სიყვარული, მანდილოსნის პატივისცემა, როლის შეთვისება და მასზე მუშაობა, პარტნიორისადმი მოწიწება, უცხო ბავშვებთან თამაში და ალერსი, როგორც სხვა არავის შეეძლოო… ქუჩაში უცხოსადმისაც თავის დიდებული დახრა და მისალმება!

გარეგნობაც რომ დიდებული ჰქონდა!
სტალინის საყვარელი მსახიობი აი რას წერს მოგონებებში (როცა სტალინმა აგარაკზე მსახიობები მიიწვია):,,Осторожно и ловко подоткнул мне одеяло,потом задвинул до конца занавес и также бесшумно вышел,как вашел.Это повторилось и в последюшие ночи.
გიორგი სააკაძე უნდა ეთამაშა მისი ბრძანებით, მაგრამ…

რეზო ნანიშვილი ასე იგონებს სპარტაკს: “შემომხედა და თავისი ბიბლიური ხმით მითხრა – ადამიანმა წინასწარ რომ იცოდეს, რა ელის ცხოვრებაში, მას ვერავითარი ძალა გამოიყვანს დედის საშოდანო.”

წარმოგვიდგენია, ამას რომ იტყოდა თავისი დიდებული ქართულით, ფრაზის ფერთმეტყველებით, ტემბრით, საოცარი ნახევრის ნახევარი პაუზებით და ხავერდოვანი, მართლაც ბ ი ბ ლ ი უ რი ენით!

სპარტაკ ბაღაშვილმა პირველად ქართული კინოს ისტორიაში ერთდროულად სამი როლი ითამაშა ფილმში “აკაკის აკვანი” – გამზრდელი, მეწისქვილე ესტატე და ვაჟა ფშაველა.

მსახიობი მიხეილ ჭიაურელის აღმოჩენად ითვლება. თავად რეჟისორი სპარტაკ ბაღაშვილთან შეხვედრას ასე იხსენებდა:

“1937 წელს დავიწყეთ არსენაზე მუშაობა. არსენას სახელი, რა თქმა უნდა, ბავშვობიდანვე მესმოდა. დედაჩემის პაპისათვის მას ერთხელ ქამარი ეჩუქებინა და ამიტომ ხშირად ახსენებდნენ ჩვენს ოჯახში და მთელს საქართველოში ხომ ყველა – მესტვირე იყო თუ მეფანდურე მღეროდა – “შაირ-სიტყვათა მესტვირემ ღმერთი მაღალი ახსენა, ღმერთმა მოგცეს გამარჯვება ოძელაშვილო არსენა”.
ჩემთვის ნათელი იყო ის, თუ არსენას როლზე შესაფერ მსახიობს ვერ ვნახავდით ძნელი იქნებოდა ამ სურათის განხორციელება.

“ეძიებდე და ჰპოვებდეო” ნათქვამია და მართლაც ერთმა შემთხვევამ სპარტაკ ბაღაშვილი გვაპოვნინა. ეს მშვენიერი აღნაგობის ლამაზი და ნიჭიერი ჭაბუკი. მე მას კინოსტუდიასთან შევხვდი. ზაფხულის საღამო იყო. იგი ორ გოგონასთან ერთად მუშტაეთიდან მოდიოდა. მისმა გარეგნობამ ისე გამაოცა და იგი ისე ჰგავდა ჩემს მიერ წარმოდგენილ არსენას, რომ არ შემეძლო არ შემეჩერებინა, რა გვარი ხართ ყმაწვილო – შევეკითხე. მან მიპასუხა. თუ ჩემთან გაქვთ რაიმე ანგარიში აიმ ქუჩაზე გადავიდეთო. მე იძულებული ვიყავი მიმემართა ჩემი გვარისთვის. მე რეჟისორი ჭიაურელი გახლავართ მეთქი. ეს ჩემთვის სულერთია, მითხრა, დაავლო ხელი თავის გოგონებს და სწრაფად მომშორდა.

მეორე დღეს გავიგეთ რომ ის ჩვენთვის კარგად ცნობილი მუშა მსახიობის ლევან ბაღაშვილის შვილი ყოფილა. ბაღაშვილი ნიჭიერი მსახიობი იყო. მე კარგად ვიცნობდი. მუშათა თეატრში იგი მონაწილეობდა ისეთ სპექტაკლებში როგორიცაა “ურიელ აკოსტა” და “ყაჩაღები”.

მან სპარტაკი ჩემთან მოიყვანა. იგი მამის წინაშე მოკრძალებული, მორცხვი და თავდაჭერილი იყო. მე გამაოცა მისმა გულუბრყვილობამ. ამის შემდეგ სპარტაკი ხშირად დადიოდა ჩვენთან. დიდი მსახიობი ალექსანდრე იმედაშვილი მას მხატვრულ კითხვას ასწავლიდა და როცა ორი თვის შემდეგ სპარტაკმა ჩემთან ოტელოს ორი მონოლოგი წაიკითხა ჩემს აღტაცებას საზღვარი აღარ ჰქონდა. აშკარა იყო, რომ ჩვენს კინოხელოვნებაში მოვიდა დიდი მსახიობი. და შემდეგ თქვენ კარგად იცით თუ რა სიყვარული მოიპოვა მან ხალხში.”

***

სპარტაკ ბაღაშვილი მიდის თურმე, ერთხელაც რუსთაველზე..
პაპიროსიც ამოუღია და ასანთი რომ ვერ მოიძია ჯიბეში, იქვე, ახლო მდგარ ახალგაზრდასთან მისულა არსენას, ლუარსაბ მეფის, გამზრდელის, ხევისბერი გოჩას და ბევრი სხვა როლის შემსრულებელი და მომიკიდეო სთხოვა..
ხმა გსმენიათ მისი, ალბათ, ამ ფილმებიდან. ხმა – აღმატებული ღირსების ჩამტევი,დიდებული, ტრაგიკული,ბიბლიური ხმა..
უბრალო მისალმებაც კი თეატრალურად და პათეტიკურად გამოსდიოდა,.. და მომიკიდეო, სთხოვა ამ ხმით..
ხმაც რომ არ ამოეღო, ისედაც დაიბნეოდა ამხელა მსახიობის ასე ახლოს ხილვით ის ახალგაზრდა და დაიბნა აკი,..
და ბიჭმა რამდენიმე ცდის მერეღა მოახერხა და აანთო ასანთი, და გაუწოდა ვითომ..
მაგრამ მერე რო დაინახა, თუ როგორ დაიხარა მისკენ მსახიობი, ანთებული ასანთის ღერიანი ხელი უნებურად დაეშვა თურმე დაბლა..
ჩადის ხელი და იხრება და იხრება ბაღაშვილის თავიც დაბლა და დაბლა და ჩაქრა ამასობაში ასანთის ღერიც.
გასწორდა მსახიობი..ერთი კი გადაატრიალა თვალები ბიჭისკენ, დააპაუზა და მერე იმ ხმით… აი, ზემოთ რომ გითხარით, იმ ბიბლიური ხმით ეკითხება.
– დედა გყაავს, შვილო?
– კიო, – დაუქნია თავი იმანაც..
– ჰოდა, მომიკითხეო, დედა – ხევისბერმა გოჩამ.