22 დეკემბერი, 2017

“მე გავშრი”

თბილისი – ქალაქი, სადაც გაჭირვებულების დახმარებას უანდერძებენ, – ამ დევიზით იხსენებს ერთ-ერთ ისტორიას ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი:

“ერთხელ ფეისბუქის კედელზე ვარკეთილში მცხოვრებ ერთ სოციალურად დაუცველ ოჯახზე დავწერე.
ბევრი გაზიარებაც კი ჰქონდა.

2 დღის შემდეგ ნინო ბერიშვილისგან წერილი მივიღე, რომ თუ ოჯახის მისამართს ზუსტად ვეტყოდი, მივიდოდა და სრულად დაეხმარებოდა.

მათ იმდენი რამ სჭირდებოდათ, ეჭვიც კი შემეპარა, ამას ეს უცნობი გოგო როგორ შეძლებს-მეთქი.

ორი დღის შემდეგ ვარკეთილიდან ოჯახის დიასახლისმა ელისო ნიშნიანიძემ დამირეკა და ვიღაც ქალის გულუხვობის გამო, ათასი მადლობა გადამიხადა.

მივხვდი, ვისი ხელიც ერია. ნინოს წერილი მოვძებნე და მადლიერების გამოსახატად მივწერე.
გავიდა რამდენიმე დღე და საპასუხო წერილი მივიღე:

“ბატონო გოგა, მე ნინოს დედა ვარ. მის ანდერძს ვასრულებ და გაჭირვებულებს ვეხმარები. დიდი მადლობა დახმარებისთვის”.

მე გავშრი. მძიმე განცდა დამეუფლა. მერე ჩემებური ნინო წარმოვიდგინე – გამჭვირვალე გოგო, ანგელოზის ფრთებით იყო შემკული, შარავანდედი მოსავდა და გაჭირვებულთა შეწევნას დედას უანდერძებდა…

თბილისი – ქალაქი, სადაც გაჭირვებულების დახმარებას უანდერძებენ.”