22 დეკემბერი, 2017

“იმან, რაც ჩვენთან იგეგმება, გამაკვირვა”

მწერალთა სახლის ხელმძღვანელი ნატა ლომოური გაუგებარი კავშირების და ფონდების მიერ ილია ჭავჭავაძის, ვაჟა ფშაველას თუ უილიამ შექსპირის პრემიებით “გულუხვად” დარიგებას აპროტესტებს:

“ამასწინათ მარიამ წიკლაურის პოსტი შემხვდა, სადაც მარიამი, ჩემი აზრით, სრულიად სამართლიანად აპროტესტებდა გაუგებარი გაერთიანებების მიერ პანტაპუნტით, უაპელაციოდ ლიტერატურული პრემიების და წოდებების მინიჭებას.

მწერალთა სახლში ჩემი მუშაობის განმავლობაში უამრავი ასეთი თვითშემოქმედება მინახავს, მაგრამ იმან, რაც ჩვენთან იგეგმება – მეც კი გამაკვირვა.

ჩვენ ჩაგვანიშნინეს ვინმე ქალბატონ ციცინო ბოჭორიშვილის სონეტების პრეზენტაცია. ირკვევა, რომ პრეზენტაციას მოყვება დაჯილდოების ცერემონია. რამდენად სწორია, რომ რაღაც გაუგებარმა კავშირებმა და ფონდებმა, ასე “გულუხვად” არიგონ ილია ჭავჭავაძის, ვაჟა ფშაველას და შექსპირის პრემიები?! (თან მგონი გამოეპარათ, რომ ილია მართალი და ილია ჭავჭავაძე ერთიდაიგივე პიროვნებაა).

კულტურის სამინისტრო ან შესაბამისი უწყება ალბათ უნდა დაინტერესდეს როდესმე ამ საკითხით და რამე რეგულაციები შემოიღოს.

მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ მწერალთა სახლი ემიჯნება დაჯილდოების ამ “ბრწყინვალე” ცერემონიას, თუმცა იძულებული ვართ დავუთმოთ დარბაზი.”