24 დეკემბერი, 2017

გრიგოლ რობაქიძის ახლადაღმოჩენილი პირადი დოსიეები

რუსუდან შარაძე გრიგოლ რობაქიძის ბიოგრაფიის დღემდე უცნობი დეტალების გამოქვეყნებასთან ერთად ირწმუნება, რომ მათი შესწავლა საშუალებას მისცემს, ახლო მომავალში, უფრო დარწმუნებით და ვრცლად ისაუბროს ყველაფერზე:

“გრიგოლ რობაქიძის Curriculum Vitae (CV)

იცით, რომ რამდენიმე დღის წინ, ჟენევის სახელმწიფო არქივში, მივაგენი გრიგოლ და ლენა რობაქიძეების შესახებ სრულიად უცნობ მასალებს. მათ შორისაა, მწერლის Curriculum Vitae.

ორი აზრი არ არის, CV-ის ავტორი რობაქიძეა (ალბათ, მეუღლე ან სხვა ვინმე დაეხმარა თარგმნაში, რადგან ფრანგულს გამართულად არ ფლობდა). ამ Curriculum Vitae-ს ფასი ისაა, რომ აქამდე თუ რომელიმე ფაქტი უცნობი ან საეჭვო იყო, ან მხოლოდ, ერთი წყარო არსებობდა, ახლა უკვე ვიცით, რომ სიმართლეა. გარდა ამისა, შესაძლებლობა გვეძლევა, გარკვეული ანალიზი ჩავატაროთ მწერლის მაშინდელი მდგომარეობის შესახებ, რაც შეავსებდა მის ბიოგრაფიას.

დოკუმენტი შესრულებულია საბეჭდ მანქანაზე, ენა – ფრანგული. ერთ ადგილზე, პასტით არის კორექტურა გაკეთებული. სხვაგანაც გვხვდება მცირე, კორექტურული შეცდომები. დაწერილია მესამე პირში. ხელმოწერა არ არის, არც თარიღი. თუმცა, 1948 წლიდან 1953 წლამდე უნდა იყოს დაწერილი.
უნდა აღინიშნოს, რომ სხვა დროს, სხვადასხვა წერილში, პირადში თუ ლიტერატურულში, გრიგოლ რობაქიძე, ყოველგვარი ყალბი თავმდაბლობის გარეშე, ჰყვებოდა ხოლმე საკუთარ მიღწევებზე. ხშირად, აყვედრიდნენ კიდეც ქართველები, რომ საკუთარი თავის ფასი იცოდა და სულ არ ერიდებოდა. წარმოდგენილ CV-ში მისი მქუხარე ცხოვრების შესახებ ცნობები მოკრძალებულია.

ეს იმით აიხსნება, რომ Curriculum Vitae გათვალისწინებულია ჟენევის პოლიციასა და სხვა შესაბამის უწყებებში წარსადგენად, რათა გაეხანგრძლივებინათ ცხოვრების უფლება. რა თქმა უნდა, ხსენება არაა მუსოლინსა და ჰიტლერზე დაწერილი ბროშურების, არც სტეფან ცვაიგის და „გველის პერანგის“ წინასიტყვაობის და საერთოდ, არავითარი პოლიტიკა!..

აშკარაა, მწერალი ფრთხილობს. მას შვეიცარიაში უნდა დარჩენა და ალბათ, შიშობს, კიდევ რამე შარი არ მოსდონ (ისედაც არ აკლდა) და არ დაატოვებინონ ტერიტორია (ვიცით, რომ ამ შემთხვევაში, მას სამხრეთ ამერიკაში მოუწევდა გადასახლება).

რა წერია გრიგოლ რობაქიძის CV-ში ?
* * *
დაიბადა 1884 წლის 1 ნოემბერს (*დაბადების თარიღზე შემდეგ სტატიაში გიამბობთ, რ.შ.).
ქართველი.
მწერალი.
ესწრებოდა ლექციებს ლაიფციგის უნივერსიტეტში. შემდეგ სწავლა გააგრძელა იურიევისა და ყაზანის უნივერსიტეტებში, რუსეთში, სადაც დაამთავრა სამართლის ფაკულტეტი.
სამშობლო საქართველოში ცნობილია, როგორც რომანისტი, დრამატურგი, პოეტი, ესსეისტი.
საბჭოთა ხალხების თეატრალურ ოლიმპადაზე, მოსკოვში, 1930 წელს, მის დრამას – „ლამარა“ – წილად ხვდა ყველაზე დიდი წარმატება.

დაწერა ერთი წიგნი – „პორტრეტები“ – რუსულ ენაზე.
რომანის ,,გველის პერანგი“ ერთი თავი წიგნის სახით გამოქვეყნდა რუსულად.
მისი ბროშურა სომხეთზე – ,,ჰაისტან“ – ითარგმნა სომხურად.
გერმანულ კრებულში ,,მსოფლიო ლიტერატურის საუკეთესო პოემები“, საქართველო წარმოდგენილი იყო მისი პოეზიით – „დიდი შუადღე“.

თბილისის ქალთა გიმნაზიაში, ჩაატარა ლექცია ნიცშეზე, ბაქოს უნივერსიტეტში – ქართულ ენასა და ლიტერატურაზე, აგრეთვე, გერმანულ რომანტიზმზე.
გამოაქვეყნა არაერთი წიგნი გერმანულ ენაზე: რომანები, ესსეები, ნოველები, პორტრეტები.
1933 წლის დასაწყისში დატოვა საბჭოთა კავშირი.
ორი რომანი ითარგმნა ჩეხურად, ერთი იტალიურად, ერთი ნოველა ესპერანტოზე, ერთი ჩანახატი – „იმამ შამილი“ – არაბულად.

1938 წელს, ციურიხის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, ლიტერატურული საზოგადოების „Hottinger“-ის მოწვევით, წაიკითხა ლექცია „ქართველთა მსოფლხედვა“.
1945 წლის აპრილის ბოლოდან, არის დევნილი შვეიცარიაში. 1946 წლის 25 მარტიდან 1948 წლის 10 მარტამდე ცხოვრობდა (მითითებულ მისამართზე, რ.შ.), ჟენევაში.
მისი სახელი და თხზულებები შეტანილია დიდი ბროკჰაუზის ენციკლოპედიასა და შვეიცარიულ ლექსიკონში.

გრიგოლ რობაქიძის და მისი მეუღლის ახლადაღმოჩენილი პირადი დოსიეების დეტალურად შესწავლა საშუალებას მომცემს, ახლო მომავალში, უფრო დარწმუნებით და ვრცლად ვისაუბრო ყველაფერზე.”