30 დეკემბერი, 2017

გიორგი ტიგინაშვილი ივრისპირელი: “კრიტიკოსებს მინდა ვკითხო”

– არ მიყვარს როცა დასცინიან და საძულველად იხსენიებენ საქართველოს, საკუთარ სამშობლოს! – აცხადებს მწერალი გიორგი ტიგინაშვილი ივრისპირელი:

“ასეთ დროს კრიტიკოსებს მინდა ხოლმე, რომ ვკითხო: იცნობ ჰომეროსის, ევრიპიდეს, ჰეროდოტეს, სტრაბონის, გელასი კესარიელის, მოვსეს ხორენაცის, იერემია სოზომენის, სოკრატ სქოლასტიკოსის, ჯუანშერის, ლეონტი მროველის, ბასილი ეზოსმოძღვარის, ივანე ჯავახიშვილის, სარგის კაკაბაძის ნაშრომებს საქართველოს (კოლხა, დიაოხი, ეგრისი, ქართლი და სხვ.) შესახებ?

ან სულაც წაგიკითხავს ქართლის ცხოვრება? თოთხმეტიდან ერთი რომ შენი დამწერლობაა, იცი? იცი ღვინის სამშობლო რომელია? იცი პირველად პარლამენტარიზმს საფუძველი სად ჩაეყარა? იცი სხვაგან ისეთი პრეცედენტი, სადაც ერთ დღეში 100 000 ადამიანი ქრისტესათვის ეწამებოდეს? გაგიგია მსგავსი თავდადება როგორიც 1616 წელს 6000-მა გარეჯელმა ბერმა დაამოწმა?

იცი რომ ბაგრატის ტაძარი, ნიკორწმინდა, სვეტიცხოველი, ვეფხისტყაოსანი, გელათის ფერწერა, ვარძია, ბეთანია და იყალთო – იტალიურ რენესანსს უსწრებდა? შეგისწავლია ტაო-კლარჯეთის გრაციოზული კერები? გინახავს წუღრუღაშენის ნატიფი და უდახვეწილესი გუმბათი? დაგითვალიერებია ფიტარეთი? ყოფილხარ გერგეთზე?

იცი ვინ იყვნენ ექვთიმე, იოანე და გიორგი მთაწმინდელები? იცი ვინ იყვნენ იოანე ზოსიმე და იოანე მინჩხი? გსმენია მიქაელ მოდრეკილზე რამე? წმ. იოთამ ზედგენიძის ერთგულებაზეც არაფერი უწყი?
იცი “ჩაკრულოს” და “კრიმანჭულის” წიაღი სადაა? ეკატერინე გაბაშვილის “მაგდანას ლურჯაზე” გული არ აგჩუყებია? ეგნატე ნინოშვილის “პალიასტომის ტბაზე” ცრემლი არ ჩაგგუბებია თვალებში? არც თამრიკო ჭოხონელიძის იავნანისას არ დამტკბარხარ სულში? ფესტოსის დისკოზე თუ წაგიკითხავს რამე? “შენ ხარ ვენახის” ავტორი იცი ვინ არის? ლადო ასათიანი რითი გარდაიცვალა იცი? იოანე პეტრიწი გაგიგია მაინც? ანთიმოზ ივერიელის ღვაწლზე გსმენია რამე? იცი რას ქმნიდნენ ფიროსმანი, გუდიაშვილი, ახვლედიანი და ვარაზი?

იცი რამდენი იარა ჰქონდა მეფე ერეკლეს ტანზე? იცი ქეთევან წამებულის გმირობის შესახებ? იცი რამე თერგდალეულებისა და ცისფერყანწელების შესახებ? იცი ვინ იყვნენ მაზნიაშვილი და ჩოლოყაშვილი? იცი რას დაფოფინებდა ექვთიმე თაყაიშვილი? იცი მიხა ხელაშვილის ბიოგრაფია? იცნობ კირიონ მეორისა და ამბროსი ხელაიას ცხოვრებას? გსმენია რამე მღვდელ-მოწამე გრიგოლ ფერაძეზე? იცი ვინ იყო იოსებ ჟორდანია?

მერაბ ბერძენიშვილს ქანადაკებებიც არ გინახავს? იცნობ ფალიაშვილის ან ყანჩელის კომპოზიციებს? მოგისმენია ჯანო კახიძისა და გოგი დოლიძისთვის? იცი დავით ყიფიანზე რამე? გინახავს ეროსის სპექტაკლები? იცი გაბრიაძე ვინ არის? აბულაძეზეც არ გსმენია არაფერი? კითხულობ ქარჩხაძეს, ჩოხელს, ინანიშვილს, ჯავახიშვილს, ჭილაძეს, ვაჟას, ილიას?

P.S. ჰო, თან ამ ყველაფერს იმ ფონზე ქმნიდნენ და შემდეგ ინარჩუნებდნენ, რომ არაბების, სელჯუკების, ხვარაზმელების, მონღოლების, ოსმალების, სპარსელების, რუსებისა და სხვათა მუდმივი მოგერიება უხდებოდათ!

ამიტომ, აი ჯერ ზემოთ ჩამოთვლილი საგანძური შეისწავლე, იქნებ ოდესმე მადლიერების სითბო ჩაგეღვენთოს გულში და მერე დაუფიქრდი საკუთარ საქციელს… გმადლობთ!”