ყველაზე დიდი სასწაული რეზო ჩხეიძის ცხოვრებაში

8 დეკემბერი, 2017

“ჩვენი ეზო”, “ჯარისკაცის მამა”, “მაია წყნეთელი”, “ნერგები”, “ღიმილის ბიჭები” – ამ ფილმების ჩამოთვლისას მაყურებელს მაშინვე რეჟისორი რეზო ჩხეიძე ახსენდება. 8 დეკემბერს მას 91 წელი შეუსრულდებოდა.

“არტ ინფო” პატარა ეპიზოდებს გაგახსენებთ, რომლებიც რეზო ჩხეიძისთვის უმთავრესი იყო:

“ჩემმა ტვინმა, გულმა და მეხსიერებამ ბევრი სახსოვარი შემომინახა. ხშირად დავცქერი ფილმებზე მუშაობის ფოტოკადრებს და ყველაფერი მახსენდება. “მაგდანას ლურჯაში” დუდუხანა წეროძისა და “ჯარისკაცის მამაში” სერგო ზაქარიაძის მიერ შექმნილი არაჩვეულებრივი სახეები როგორ შემიძლია დავივიწყო?! ამ სახსოვარს მეხსიერებით ვატარებ. ჩემთვის უძვირფასესი სახსოვარია იერუსალიმში მაცხოვრის საფლავთან ლოცვის დროს გადაღებული კადრები, რომლებიც ჩემი სულიერი ცხოვრების განმსაზღვრელი და ბევრისმთქმელია.”

“ჩემს ცხოვრებაში ალბათ ბევრი სასწაული იყო, მაგრამ ყველაზე დიდ სასწაულად მაინც შვილებისა და შვილიშვილების დაბადებას მივიჩნევ. ადამიანის ჩასახვა, შობა და მათი ადამიანებად ჩამოყალიბების პროცესი ყველაზე დიდი ღვთიური მოვლენა და სასწაულია. ამაში უკვე დევს შემოქმედის არსებობა. ჩემთვის ისიც სასწაულია, როცა უცნობი ადამიანები მაჩერებენ და მეუბნებიან, შენს ფილმებზე გავიზარდეო. ზოგჯერ არ მესმის, ისეთი რა გავაკეთე, რომ ამ ხალხის მეხსიერებაში ასეთი კვალი დავტოვე. თაყვანისმცემლებისგან ბარათებს დღემდე ვიღებ. გაგიკვირდებათ, მაგრამ 50 წლის წინ გადაღებულ ფილმებზე მწერენ, თავიანთ გრძნობებს მიზიარებენ. რუსეთის სხვადასხვა ქალაქიდან მწერენ, მიყრუებული ქალაქებიდანაც კი მომდის წერილები. ამასაც დიდ სასწაულად აღვიქვამ. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ამაში ჩემი მფარველი ანგელოზი ურევია. ვგრძნობ, რომ ღმერთი ყოველთვის ჩემთან არის და მანკიერებებისგან მიცავს.”

“პატრიარქის ნაჩუქარ ჯვრებს შვილიშვილებს ვუტოვებ. ჯვრები ორ კოლოფში მიდევს, სადაც წერილებიც დევს. წერილში ვწერ, როცა მოიზრდებით და ამ ჯვრის ტარებას დაიწყებთ, იცოდეთ, რა არის და ვისგან არის-მეთქი. ვუხსნი, რას ნიშნავს სამშობლო, რელიგია, ქრისტიანობა. შვილიშვილებს ვუსურვებ, რომ ჩვენი პატრიარქის ნაჩუქარი სიწმინდეების ტარების ღირსნი იყვნენ. კინოსტუდიის ეზოში წმინდა ლაზარეს სახელობის ეკლესია ჩემი მონაწილეობით აშენდა. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ღმერთმა ამის საშუალება მომცა. ეს ეკლესიაც, რა თქმა უნდა, ჩემს შთამომავლებს დარჩებათ. ამ სიწმინდეებზე დიდი მატერიალური სიმდიდრე არ გამაჩნია.”

გააზიარეთ

 
...