საახალწლო წარმოდგენები მოზარდ მაყურებელთა თეატრში

14 დეკემბერი, 2017

26 დეკემბრიდან 15 იანვრამდე მოზარდ მაყურებელთა თეატრი პატარებს ინტერაქტიულ საახალწლო წარმოდგენებზე იწვევს.

ჯადოსნური ნაძვის ხის გარშემო ბავშვებისთვის საყვარელი ზღაპრების გმირები შეიკრიბებიან.

მხიარული, ფერადი, ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრებით გაჯერებულ საახალწლო წარმოდგენებზე პატარა მაყურებლებისთვის იმღერებენ: ნაცარქექია, სალამურა, პოეტი ჯუჯა, ფიფქია, კომბლე, თოვლის ბაბუა, თოვლის გუნდა, სანტა კლაუსი, უფლისწულები, მზეთუნახავები, დედოფლები. მამაცი დარტანიანი კი საფრანგეთის დედოფალთან ერთად გვესტუმრება.

მოზარდ მაყურებელთა თეატრის საახალწლო წარმოდგენებში სპეციალური მოწვევით მაყურებელი მომღერალ მარიკო ლეჟავას იხილავს, რომელიც თოვლის გუნდას განასახიერებს.

„საახალწლო ნაძვის ხე“ მოზარდ მაყურებელთა თეატრის დიდ სცენაზე 26 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით: 12:00, 14:00, 16:00 საათზე გაიმართება.

რუსულენოვანი მაყურებლისთვის საახალწლო წარმოდგენები 27 დეკემბრიდან მცირე სცენაზე იქნება წარმოდგენილი. „საახალწლო ფანტაზია“ – ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელშიც პატარა მაყურებელი გერდას, კაის, თოვლის დედოფალს, ტყის ელფებს შეხვდება.

გააზიარეთ

 
...