გამოფენა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ

4 დეკემბერი, 2017

5 დეკემბერს, 11:30-ზე, ხელოვნების სასახლეში ვეფხისტყაოსნის გამორჩეული ილუსტრატორის, მსოფლიოში აღიარებული უნგრელი მხატვრის მიხაი ზიჩის გამოფენა გაიხსნება.

პირველად საქართველოში ამ გამოფენისათვის, ბუდაპეშტიდან, უნგრეთის ეროვნული გალერეიდან, მხატვრის მიერ შექმნილი 6 ორიგინალი და 27 მაღალი ხარისხის ასლი გამოიფინება.

10 დღის მანძილზე, ხელოვნების სასახლეში, ქართველ დამთვალიერებელს უნიკალური შესაძლებლობა ექნება ნახოს და შეაფასოს საიმპერატორო კარის მხატვრის მიერ შექმნილი გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრები.

გამოფენა თბილისში უნგრული კულტურის დღეებისა და საქართველო-უნგრეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად იმართება და იგი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, უნგრეთის საელჩოსა და ბუდაპეშტის ეროვნული გალერეის მხარდაჭერით ხორციელდება.

შოთა რუსთაველის რომანტიკული ეპოსის „ვეფხისტყაოსანი“ პირველი ნაბეჭდი ილუსტრირებული გამოცემა სწორედ მიხაი ზიჩს უკავშირდება. 1881 წელს, მოწინავე ქართველ ინტელიგენციის თხოვნით იგი საქართველოში ჩამოვიდა, ნაწარმოების თემაზე შვიდის ნაცვლად 34 ილუსტრაცია შექმნა და ქართველ ხალხს უსასყიდლოდ უსახსოვრა.

მხატვარი 1827 წელს უნგრეთში დაიბადა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ვენის სამხატვრო აკადემიაში ისწავლა. 1847 წლიდან მისი კარიერული აღმასვლა იწყება. ზიჩი რუსეთში საიმპერატორო კარის მხატვრად მიიწვიეს, სადაც რუსეთის ოთხი უკანასკნელი იმპერატორის მხატვარი გახადა და „მისი საიმპერატორო უდიდებულესობის” მხატვრის წოდება მიიღო.

გამოფენა ხელოვნების სასახლეში 15 დეკემბრამდე გაგრძელდება, ორიგინალები კი ბუდაპეშტში 6 დეკემბერს დაბრუნდება.

გამოფენის პრეზენტაცია გაიმართება 11:30-დან 14:00 საათამდე.

14 საათიდან ბილეთის ღირებულება უფროსებისთვის 2, ხოლო 16 წლამდე მოზარდებისათვის 1 ლარი იქნება.

სპეციალურად გამოფენისათვის, მხოლოდ 5 დეკემბერს, ხელოვნების სასახლის საექსპოზიციო დარბაზები 18:00-ის ნაცვლად 20:00 საათამდე იმუშავებს.

გააზიარეთ

 
...