“ამის შემხედვარემ, როგორ გითხრათ კარგები ხართ-მეთქი”

8 დეკემბერი, 2017

“მოყვარეს პირში უზრახეო…” – ასე უწოდებს თავის ჩანაწერს ქეთი დიღმელაშვილი:

“ქართველებს კარგად გვჩვევია დანაშაულის სხვისთვის გადაბრალება და პასუხისმგებლობის თავიდან არიდება. ეს ჩემი საქმე არაა, ეს მე არ მეხება, ეს მისი გასაკეთებელია… ამ ფრაზების მუდმივი ტრიალით ბრალმდებლობაში ბადალი არ გვყავს. მაგრამ ყველაზე მაგრები მაინც სახელმწიფოსთვის დანაშაულის აკიდებაში ვართ და ხშირად გვავიწყდება, რომ ჩვენ ამ სახელმწიფოს ნაწილი ვართ და ჩვენი მოქალაქეობრივი ვალდებულება პილატესავით ხელის დაბანით არ ჩამოირეცხება!

ამ მხრივ ჩვენი განათლების დონე ლამის არ განვითარებულა და საწყის ეტაპზე გაიყინა. ანდა როგორ უნდა განვითარდეს, თუ მომავალ თაობას იმან ვერ ასწავლა, ვისაც ეს ევალება. არადა ვისაც ევალება, იმან რა უნდა ასწავლოს, თუ თვითონაც არ აქვს შეგნებული ეს მოქალაქეობრივი ვალდებულება?!

მომიტევეთ პედაგოგებო ჩემი პირდაპირობისა და სიუხეშისთვის, მაგრამ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ამისკენ მიბიძგა. ის, რაც რამდენიმე დღის წინ ვნახე, თქვენც არ დაგიტოვებთ ჩემი ,,აშარად“ მიჩნევის განცდას:

ეს მე-18 საუკუნის კოშკი ერთ-ერთი სკოლის ეზოში, სკოლის შენობიდან 5 მეტრში დგას. და მერე? – სავსეა ნაგვით, ფიჩხით, შეშითა და თუნუქის ნარჩენით. თავისი დანაგვიანებისა და დაბინძურების ხარისხით მიტოვებულ ძეგლს ართუ არ ჩამოუვარდება, შეიძლება გადააჭარბოს კიდეც.

მითხარით ამის შემხედვარემ, როგორ გითხრათ კარგები ხართ და აფერუმ თქვენს მონდომებას მეთქი… როგორ უნდა ასწავლოთ ბავშვებს რას გაუფრთხილდნენ, რას სცენ პატივი, რითი იამაყონ და რა დააფასონ, თუ თქვენ ვერ გაგიგიათ იგივე? თუ თქვენ არ გაქვთ შეგნებული ეს ყველაფერი?! როგორ უნდა ასწავლოთ ბავშვებს თავისი ,,გორი არ დაივიწყონ“, როცა თავად არ გახსოვთ ან არც შეგიგრძვნიათ თქვენი „გორი“?!

აქაც სახელმწიფოა დამნაშავე? ესეც სახელმწიფო სტურქტურების უმოქმედობაა? ესეც მათი დაყრილი ნაგავია?!

დღეს პედაგოგები ამ აბსურდული კრეტიდების დაგროვებას ათასნაირი გამონაგონი აქტივობით ცდილობთ და კუთხიდან კუთხეში დაატარებთ ბავშვებს. რა შედეგი უნდა მოყვეს ამას, თუ მათ ჯერ ,,შინაურის“ სიყვარული არ ასწავლეთ?! საკუთარის აღიარებით და დაფასებით უნდა შეაგრძნობინოთ სხვისი ღირსებაც. ეს კოშკი ამას სრულებით არ მიმტკიცებს. მითხარით, როგორ დაგიჯეროთ, თუ „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“?!

გააზიარეთ

 
...