5 დეკემბერი, 2017

“როცა ეს ორი ფაქტორია…”

– ჩემი დიდი ბებო, მარიამი, ბაჩანას ცოლი, დასცქეროდა თავისი საყვარელი შვილის ცხედარს და ტიროდა ლექსით… ის მაშინ ვერ იფიქრებდა იმაზე, რომ მისი ნატირალი მსოფლიო ფოლკლორის საგანძური გახდებოდა… ასეთია ნაწყვეტი ამ ნატირალიდან: ,,სიკვდილო ტყუილად მოგაქვს თავი, სირცხვილზე მეტი არც შენა ხარ!” შვილის სიკვდილის მნახველი ტიროდა, სირცხვილი უარესიაო! სიკვდილზე უარესი რომ მოხდა ამ დღეებში, იმიტომ ვართ დაშლილი მთელი ქვეყანა ძვლებში, თორემ სიკვდილის, ომის, დაუნდობლობის მეტი რა გვინახავს! – აცხადებს ვაჟა ფშაველას შთამომავალი ლელა რაზიკაშვილი და ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება:

“რამდენიმე დღეა ისე შემოვდივარ აქ, ქსელში, როგორც აუცილებელ პანაშვიდზე… ისეთ პანაშვიდზე, სადაც თუ მიხვალ გული გისკდება, თუ არ მიხვალ უარესად გიჟდები… და მაინც არ შეგიძლია რომ არ მიხვიდე! არ შეგიძლია იფიქრო და ისაუბრო სხვა რამეზე. ვლაპარაკობთ განუწყვეტლივ, სახლში, გარეთ, ნაცნობთან უცნობთან, ყველასთან, მარტო იმიტომ, რომ ეს დარდი გარეთ გამოვიდეს და არ გადაგვიყოლოს…

წერითაც მარტო ამიტომ წერ და არ აქვს მნიშვნელობა იმას, აზრებს დაალეგებ თუ არა…

…ჩემი დიდი ბებო, მარიამი, ბაჩანას ცოლი, დასცქეროდა თავისი საყვარელი შვილის ცხედარს და ტიროდა ლექსით… ის მაშინ ვერ იფიქრებდა იმაზე, რომ მისი ნატირალი მსოფლიო ფოლკლორის საგანძური გახდებოდა…

ასეთია ნაწყვეტი ამ ნატირალიდან:
,,სიკვდილო ტყუილად მოგაქვს თავი,
სირცხვილზე მეტი არც შენა ხარ!”
შვილის სიკვდილის მნახველი ტიროდა, სირცხვილი უარესიაო!

სიკვდილზე უარესი რომ მოხდა ამ დღეებში, იმიტომ ვართ დაშლილი მთელი ქვეყანა ძვლებში, თორემ სიკვდილის, ომის, დაუნდობლობის მეტი რა გვინახავს!

ერთხელ, ჩემს ბავშვობაში მოხდა ასეთი ფაქტი, ბევრი წამოესია ერთს და ჩაჩეხა…
ეს სილაჩრე იყო მაშინ ნიშანი იმის, რომ თაობის ღირებულებები იცვლებოდა.

ახლა რაც მოხდა იმას აჩვენებს, რომ ამ თაობაში უკვე ყველაფერი თავდაყირა დგას! აქ იმ ყბადაღებულ ,,მენტალიტეტებზეც” აღარ არის საუბარი, ასეთი რამ იქაც კი სირცხვილია!!!

ადამიანები ჩხუბობენ, ომობენ ყველა დროში, ყველა საზოგადოებაში. იყო დრო, როცა კანონი, როგორც შემაკავებელი ფაქტორი საერთოდ არ არსებობდა. სხვადასხვა ეთნოსში, კუთხეში არსებობდა ადათის სახით წესები, რაც ასეთი სახის სიმხეცისა და სილაჩრის პრევენციას ახდენდა. არაადამიანობის ყველაზე მარტივი და საიმედო შემაკავებელი კი ყველა დროში, ყველა საზოგადოებაში იყო ღირსება და სირცხვილი!

როცა ეს ორი ფაქტორია, როცა ადამიანებისთვის ერთი სიცოცხლეზე მეტია და მეორე სიკვდილზე უარესი, იქ, იმ საზოგადოებაში არ ძალადობენ, არც სუსტზე, არც გენდერზე, არც განსხვავებულზე და ა. შ.
ჩვენში რა ხდება! ეს ორი, ღირსება და სირცხვილი გავიგდეთ წიხლქვეშ და ზუსტად ისე წამოვესიეთ, როგორც ეს არსებები იმ ორს! ღირსება საჭირო აღარ არის, არაფერში აღარ გადგება და აღარ ფასდება!
სირცხვილიც ამოვიღეთ ხმარებიდან, ყველაფერი დასაშვებია!

არადა ამ ორს ვერაფრით ვერ ჩაანაცვლებს ვერანაირი კანონი, კოდექსები, კონვენცია, ადამიანის უფლებები. მათ გარეშე ყველანაირი კოდექსი უძლურია. მეტიც, კანონის სივრცე არაადამიანი ტიპაჟებისთვის თავის დაძვრენის მექანიზმია- ადვოკატი, მტკიცებულებები, უდო, ამინისტია, უამრავი მექანიზმი არსებობს, მათ ეს იციან და ბევრი მათგანი ამ იმედითაც იქნევს დანას!

ღირსების და სირცხვილის სივრცეში კი ცოცხალი ლაჩარი მკვლელის დედად ყოფნას, მოკლულის დედად ყოფნა ჯობს!

ღირსების და სირცხვილის სივრცეში დანაშაული არ მთავრდება, რჩება დანაშაულის ჩამდენთან და ანადგურებს მასვე…

…ნეტა რას ფიქრობდა ბებო მკვდარ შვილს სირცხვილზე რომ ელაპარაკებოდა!
ან რა სირცხვილი უნდა ენახა მას, რომ სიკვდილი არჩია…
არა, უფრო არც უნახავს და უნახავიც კი სიკვდილზე უფრო ზარავდა!

ასეთი ძალა აქვს სირცხვილს, თუ არ გადავაგდებთ და გამოვიყენებთ, რა თქმა უნდა!”