12 ნოემბერი, 2017

ილია ჭავჭავაძის იუბილე დმანისში

„ეროვნული იმპერატივი“ საქართველოს მასშტაბით პირველი ორგანიზაცია, რომელმაც ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილის აღნიშვნა დაგეგმა და საიუბილეო პროექტებს ახორციელებს.

პროექტი „ილია ჭავჭავაძე 180 – უკვდავების ფენომენი“ აპრილის თვეში დაიწყო და საქართველოს ყველა კუთხის ჩართულობით ხორციელდება.

10 ნოემბერს პროექტის 21-ე ღონისძიება – გამოფენა „ილია სახვით ხელოვნებაში“ და სპექტაკლი „საუკუნის მკვლელობა“ დმანისში გაიმართა, ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე, რომლის მხარდამჭერი იყო აღნიშნული თეატრი. ილიას საიუბილეო პრექტში ჩართულობის ინიციატივა თავად დმანისის თეატრმა გამოთქვა, რისთვისაც მადლობას ვუხდით მის ახალდანიშნულ სამხატვრო ხელმძღვანელს ლაშა ჩხვიმიანს.

21-ე ღონისძიებით „ეროვნული იმპერატივის“ პროექტმა ამ დროისათვის ზუსტად  მესამედი საქართველო მოიცვა და ქვეყნის მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების მესამედი ნაწილი დაფარა, რაც უპრეცედენტო მასშტაბია ერთი პროექტისათვის, მით უფრო კულტურლი და სახელოვნებო პროფილის პროექტისათვის.

თუმცა, ილიას საიუბილეო პროექტი ჯერ არ სრულდება და მის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ხილვა საქართველოს, კიდევ არაერთი მუნიციპალიტეტის მაყურებელს შეეძლება.