9 ნოემბერი, 2017

“ვითხოვ მიმდინარე სამუშაოების აღკვეთას”

მედია-კავშირ ობიექტივის პროდიუსერმა ანი კიკნაძე პროკურატურაში განცხადება შეიტანა და მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს ატენის სიონში მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება მოითხოვა.

ანი კიკნაძე:

“27 ოქტომბერს პროკურატურაში განცხადება ჩავაბარე მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის სახელზე. მოვითხოვე დაწყებულიყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259 (3) მუხლით – “კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონის რეჟიმის დარღვევა”.

ვითხოვ მიმდინარე სამუშაოების აღკვეთას. რამდენიმე დღეა ვცდილობ მოვიკითხო ჩემი განცხადების ბედი და, როგორც იქნა, დღეს შევიტყვე რამდენი უმოგზაურია.

მთავარი პროკურატურიდან განცხადება გადაიგზავნა შიდა ქართლის და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურაში, შემდეგ გორის პროკურატურაში ბატონ კობა ნოზაძესთან. როგორც კანცელარიაში განმიმარტეს, ბატონი კობა რამდენიმე წუთში მიიღებს განცხადებას, რომელიც გორში დღეს შევიდა.

ვნახოთ, რა ბედი ეწევა ჩემს მიმართვასა და მოთხოვნას, მაგრამ ამაზე მეტად საღელვებელი ატენის სიონის ბედია, რომელმაც საუკუნეები გამოიარა, ბევრი ისტორიული ქარტეხილი გადაიტანა და ვიღაც მიხეილ გიორგაძის, ნიკოლოზ ანთიძისა, ერის და ბერის დაუდევრობას უნდა გადაჰყვეს…

ადამიანები და მით უფრო მათი სტატუსები და რეგალიები წარმავალია და მაგ პოზიციებზე ბევრი ყოფილა და კიდევ უფრო ბევრი იქნება, მაგრამ ატენის სიონი უდიდესი მნიშვნელობის კულტურული, ისტორიული ძეგლია და არავის აქვს უფლება, ვინმე კერძო პირის ან ჯგუფის კომფორტისა და ინტერესების გამო, თუნდაც მტვერისოდენა ზიანი მიაყენოს მას!

რა თქმა უნდა, ამ საქმის შესახებ ყველა წვრილმანს აქ გამოვაქვეყნებ და უახლოეს დღეებში გადამღებ ჯგუფთან ერთად ვეწვევი ატენის სიონს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ არიან და ბევრნი არიან ადამიანები, ვისაც აღელვებს საკუთარი ისტორია და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.”