„პრინცესა ტურანდოტი“ მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე

18 ნოემბერი, 2017

22, 23 და 25 ნოემბერს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში საპრემიერო დღეებია.

ზღაპარი სიკეთეზე, ბოროტებაზე, სიყვარულზე, სიძულვილზე და ბედისწერაზე პირველად 22 ნოემბერს 19 საათზე გათამაშდება.

რეჟისორმა გურამ ბრეგაძემ კარლო გოცისა და ფრიდრიხ შილერის კლასიკური პიესა „პრინცესა ტურანდოტი“ სრულიად ახლებურად გაიაზრა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის მაყურებელს საკუთარი ინტერპრეტაციით შესთავაზებს.

რეჟისორმა შეინარჩუნა იტალიური კომედია დელ არტეს პრინციპი, თუმცა მისეულ სცენურ ვერსიაში უხვად არის თანამედროვეობისთვის დამახასიათებელი ელემენტები, თუნდაც კარაოკე, რომლის მეშვეობითაც მაყურებელი აქტიურად ერთვება წარმოდგენის მსვლელობაში. უჩვეულო, მუსიკალური, ფერადი დეკორაციითა და კოსტიუმებით აღსავსე სპექტაკლი მოზარდ მაყურებელთა თეატრის მაყურებლისთვის ნამდვილი საჩუქარი გახდება.

წარმოდგენის სცენოგრაფია ლომგულ მურუსიძეს ეკუთვნის, კოსტიუმების მხატვარი ეკატერინე კახაშვილია, სპექტაკლის მუსიკალური გამფორმებელი ზურაბ ინგოროყვაა, ქორეოგრაფი კი გია მარღანია.

სპექტაკლში მონაწილეობენ თამარ ტყემალაძე, სერგო შვედკოვი, დავით ხახიძე, ირაკლი გოგოლაძე, მამუკა ბოგვერაძე, ვასილ ამურველაშვილი, ლევან გვაზავა, ბადრი გვაზავა, ნინო ლორთქიფანიძე, სალომე წურწუმია, სოფო ახუაშვილი, რატი გოგუაძე.

„პრინცესა ტურანდოტი“ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით განხორციელდა.

გააზიარეთ

 
...