ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილე ჰერეთში

18 ნოემბერი, 2017

საზოგადოებრივი და შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივი“ და „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდი“ პირველი ორგანიზაციები არიან რომელთაც ერთობლივი პროქტით „ილია ჭავჭავაძე 180 – უკვდავების ფენომენი“ პირველად საქართველოს ისტორიაში ილია ჭავჭავაძის იუბილეს მასშტაურ აღნიშვნას დაუდეს საფუძველი.

აღნიშნული პროექტი იყო პირველი, რომელიც ილიას იუბილეს აღნიშვნას მოიცავდა. ღონისძიებები აპრილის თვიდან დაიწყო და საქართველოს მესამედი ნაწილი – 21 მუნიციპალიტეტი მოიცვა.

ამჯერად კი ასევე პირველად ილიას იუბილეს აღნიშვნა გასცდა საქართველოს ფარგლებს და იგი ჰერეთში, ისტორიულად საქართველოს ძირძველ მიწაზე მცხოვრები ქართველებით დასახლებულ, ამჟამად აზერბაიჯანის რესპუბლიკაში აღინიშნა.

14 ნოემბერს ისტორიულ ჰერეთში, კახის რაიონის ქართველებით დასახლებულ სოფელ ალიბეგლოში, ალიბეგლოს ქართულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ილია ჭავჭავაძის საიუბილეო პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები განხორციელდა, რომელიც მთელი დღის მანძილზე იყო გადანაწილებული: საჯარო ლექციები წაიკითხეს ილიას თემაზე პროზაიკოსმა და კრიტიკოსმა ივანე ამირხანაშვილმა და პოეტმა თინათინ მღვდლიაშვილმა; შედგა ადგლობრივებისათვის ილიას შესახებ გიორგი სავანელის წიგნის, პიესა „საუკუნის მკვლელობა – გზა ილიასი“ რეპრეზენტირება; მოეწყო გამოფენა „ილია სახით ხელოვნებაში“, ცნობილი ქართველი მოქანდაკეების, მხატვრების და ხატმწერების ნიმუშების ექსპოზიცია; მოხდა პოემა „აჩრდილის“ გადაწერა და შეიქმნა ილიას პოემის ახალი ხელნაწერი ეგზემპლარი ჰერეთის ქართველების მიერ.

დასკვნით ეტაპზე კი წარმოდგენილი იყო „ეროვნული იმპერატივისა“ და ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელწმიფო თეატრის ერთობლივი სპექტაკლი „საუკუნის მკვლელობა“ გიორგი სავანელი რეჟისურით. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები გიორგი იარაჯული, ქეთევან შერვაშიძე, ასმათ ქურციკიძე, თეკა კოხრეიძე, ვაკო კობერიძე, ლაშა ჩხვიმიანი, ვატო ზოიძე, თამარ ადამია, თორნიკე ჩიხლაძე, გიორგი გურული, ნინა ჯაოშვილი.

პროექტის მხარდამჭერი იყო საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

„ეს იყო მეტი, ვიდრე დიდი ილიას იუბილე, მეტი ვიდრე სპექტაკლის გასტროლი, ეს იყო დიდი ხნის უნახავი და პოლიტიკური ავბედობით დაშორებული ქართველების შეხვედრა, რომლებიც სულმოუთქმელად გველოდებიან თურმე… რომლებსაც ენატრებათ თამამი ქართული სიტყვის მოსმენა, რომელთათვისაც ჩვენი იქ ჩასვლა იყო იმედი და რწმენა, რომ ჩვენ ისინი გვახსოვს, მათზე ვფიქრობთ… ენითაღუწერელი წუთები იყო ჰერეთის ქართველებთან შეხვედრა… ეს იყო პირველი პრეცედენტი საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ, როგორც ილია ჭავჭავაძის იუბილეს საზღვრებს გარეთ აღნიშვნისა, ასევე პირველი შემთხვევა, როცა ქართული თეატრი გავიდა ჰერეთში… ასე რომ, გზა გაკვალულია, პირველი ნაბიჯი გადადგმულია და მოვუწოდებთ თბილისის თეატრებს! იქ სჭირდებათ ხელოვნება, მით უფრო თეატრი… იცოდეთ, ძალიან სჭირდებათ, რაც მთავარია ძალიან უყვართ და ესმით… მიუხედავად ალიბეგლოს თეატრში არსებული მძიმე პირობებისა, ჩადით ჰერეთში, ჩვენ (ქართველებს) იქ ყოველთვის გველოდებიან!…“ – აცხადებს პროექტის ხელმძღვანელი, რეჟისორი გიორგი სავანელი.

გააზიარეთ

 
...