თამარ წულუკიძე – სამაგალითოდ დასჯილი მსახიობი

16 ნოემბერი, 2017

თეატრმცოდნე ნოდარ პაპუაშვილი სანდრო ახმეტელის მეორე მეუღლის – მსახიობ თამარ წულუკიძის მძიმე ცხოვრებას იხსენებს:

“ჯოჯოხეთიდან არც არავინ დაბრუნებულა,
მითოლოგიურ ალკესტეს გარდა…”
ეს პოეტ ნანა ღვინეფაძის ლექსიდანაა, რომელიც თამარ წულუკიძეს უძღვნა.

80 წელი გადის იმ დროიდან, როცა სახელმწიფო მანქანამ იმ ნაღებ ფენას გადაუარა და გააქრო, ვისაც მრავალი წლის მანძილზე კვლავ შეეძლო დაეტოვებინა საგანძური მწერლობაში, მხატვრობაში, თეატრში…

თამარ წულუკიძე (სანდრო ახმეტელის მეორე მეუღლე) ოცდაათიანი წლების რუსთაველის თეატრის პრიმადონა გახლდათ. როგორც თვითმხილველები წერენ, მას საოცარი ხმა, პლასტიკა, გარეგნობა ჰქონია.

34 წლის იყო, როცა დააპატიმრეს და ახმეტელის საქმეში გაიყვანეს. მრავალი წელი გაატარა ციმბირში, გადასახლებაში. ტრაგიკულად გარდაცვლილი შვილიც ვერ დაიტირა, 16 წლის სანდიკ ახმეტელი, რომელიც დედ-მამის გარეშე პროფესორ მუხაძის ოჯახში იზრდებოდა.

გადასახლებიდან დაბრუნებული მსახიობი მინსკში გადავიდა საცხოვრებლად და იქ გარდაიცვალა ხანდაზმული. მაშინ, თეატრმცოდნე ნათელა არველაძის მოწადინებით თბილისში გადმოასვენეს და დედისა და შვილის გვერდით დაკრძალეს.

1952 წელს ბერიას სთხოვს, რომ ,,ამ ცივ, შორეულ ქვეყანაში გადასახლებულმა, უთვისტომოდ და უსახლ-კაროდ, ჩემს თავს უფლება მივეცი შეგაწუხოთ და უდიდესი მოწიწებით მოგმართოთ თხოვნით – სამშობლოში დამაბრუნოთო”. 1953 წლის 14 იანვარს – ქართული თეატრის დღეს – უარი ეთქვა.

ალბათ 1992 წელი იყო, როცა ლენინგრადელი თეატრმცოდნე, მასთან ერთად გადასახლებული, სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონი თამარ პეტკევიჩი თბილისსა და ანაგაში (ახმეტელის მუზეუმში) ჩამოვიდა. მან ასეთი რამ თქვა: ციმბირში, ბანაკის მავთულხლართების იქით, ძაღლები ყეფდნენ. მათი ხმა ჩვენამდე აღწევდა, ჩვენს ყაზარმამდე, სადაც თამარს გაშლილი ჰქონდა ვაჟიშვილის თბილისიდან ადრევე წამოღებული ტანსაცმელი და ხმამაღლა, ქართულად დასტიროდა. გულგამგმირავი, სულისშემძვრელი სანახაობა იყო და ყველა პატიმარი ქალი ერთად ტიროდაო.

ეს ერთი ბიოგრაფიის პატარა მონაკვეთია, ბიოგრაფიის, რომელიც ტოტალიტარულმა სახელმწიფომ სურვილისამებრ გააქრო თავისი მეხსიერებიდან!”

გააზიარეთ

 
...