“ეს მხოლოდ საქართველოში ხდება”

13 ნოემბერი, 2017

რუსთაველის თეატრის მსახიობი ედმონდ აბაშიძე-მინაშვილი საქართველოში პანთეონების პოლიტიკის აქტუალობით შეწუხებულია. როგორც მსახიობი აცხადებს, მთავარი ის კი არ არის, სად დაიკრძალება ადამიანის სხეული, არამედ როგორ იცხოვრა მან, რა სახელი დატოვა და როგორ წარსდგება მისი სული სამსჯავროზე განკითხვის დღეს!

ედმონდ აბაშიძე-მინაშვილი:

“პანთეონების პოლიტიკა საქართველოში ისევ აქტუალური რჩება, მაგრამ სასაცილოდ აქტუალური, ვფიქრობ რომ მგონი უხერხულია გაუთავებელი კონფლიქტი, საკმარისია ვინმე პოპულარული პიროვნება გარდაიცვალოს და მაშინვე იწყება სახალხო გარჩევა და დაპირისპირება დიდუბე თუ მთაწმინდა, მთაწმინდა თუ დიდუბე… მსოფლიოში სულ 12 პანთეონია და აქედან სამი საქართველოში, მგონი ცოტა კურიოზული შემთხვევაა არა?

ბოდიშს მოვიხდი, მაგრამ გამაღიზიანებელია როცა ჯერ კიდე ცოცხალი პიროვნება გამოთქვამს პროტესტს ამა თუ იმ საფლავზე დამარხვის გამო და აცხადებს პრეტენზიას, რომ მე უნდა დავიკრძალო “იქ”, ან “აქ” და ასე შემდეგ… “შე კაი დედ-მამის შვილო, ფიროსმანს საერთოდ არ აქვს საფლავი მაგრამ, აბა შეედაროს ერთი ზოგ-ზოგიერთი, მდიდრულ აკალდამებში მოსვენებულნი”…

მერწმუნეთ, ეს მხოლოდ საქართველოში ხდება და არსად სხვაგან, მხოლოდ ჩვენ ვართ განდიდების მანიით შეპყრობილი ერი, მხოლოდ ქართვნლს თუ მოუვა აზრად საკუთარი დაკრძალვის პროცესიის სპექტაკლირება, მე ვფიქრობ რომ უხერხულია და აგრეთვე შეურაცხმყოფელიც. ვერა და ვერ დადის ჩემამდე, რატომ არის მუდმივად ეს ორი პანთეონი ერთმანეთის კონკურენტი – მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, გამუდმებით მესმის მთაწმინდა თუ დიდუბე, დიდუბე თუ მთაწმინდა.

ჩემთვის ყველა საფლავი ერთია და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა რომელი ქალაქის თუ სოფელის მიწა შეჭამს ჩემს უსულო სხეულს, რომელი მიწის პოლიტიკოსი მატლები გამართავენ ჩემს სხეულზე კონგრესს, მთავარი ისაა როგორ იცხოვრებ აქ, ამ წუთისოფელში, რა სახელს ტოვებ და როგორი სულით წარსდგები იქ, ზევით სამსჯავროზე, განკითხვის დღეს. გამომშრალი სხეული თუ გინდ დაწვან და უბრალოდ მოაყარონ მტკვარს…

მე არ მესმის ერთი რამ, როდესაც აანონსებენ რომ შეიქმნა კომისია და კომისია გადაწყვეტს სად დაიკრძალება აწ გარდაცვლილი, პატივცემული (ვინმე)… ყოველთვის მაინტერესებდა ვინ იყვნენ ამ საპატიო კომისიის წევრები, რა ფორმით ხდება მათი შერჩევა, რატომ არასდოს ასაჯაროვებენ მათ ვინაობას, რამდენად კომპეტენტურია მსაჯულთა რიგები, რომლებმაც განაჩენი უნდა გამოუტანონ გარდაცვლილს, ან რა კრიტერიუმით ხდება შერჩევა სამუდამო სასუფევლის, რა არის ის ნიშნული, რომელიც აკმაყოფილებს ნორმას და გხდის მთაწმინდის ღირსად, ან პირიქით…

მაშინ როცა, უკვე მართლა არ აქვს პანთეონებს ფასი, როცა დიდუბეც და მთაწმინდაც იქცა რიგით სასაფლაოდ, თუმცა ზემოთ კი ავღნიშნე, რომ ჩემთვის ყველა საფლავი ერთია-თქო, მაგრამ მაინც აქვს უდიდესი მნიშვნელობა ადგილს, სადაც ასვენია ილია, აკაკი, ვაჟა, გალაკტიონი, გოგებაშვილი, ბარათაშვილი… ამის მერე შეიძლება, რომ იქ ვინმე დაიკრძალოს საერთოდ? მე ვფიქრობ რომ არა! მაშინ ვერ ვხედავ დიდუბის პანთეონის ფუნქცია რა არის, ან საერთოდ როცა ქვეყანაში არ გვაქვს შოთა რუსთაველის საფლავი, თუნდაც სიმბოლური, რა საუბარია საერთოდ პანთეონებზე, რომლებიც ასე უხვად გვაქვს.

მე ვთხოვ საქართველოს მთავრობას, კერძოდ ბატონ პრემიერ-მინისტრს, იქნებ დაიწყონ ფიქრი შოთა რუსთაველის საფლავის არსებობაზე, სიმბოლური საფლავიც დიდი ფუნქციის და მნიშვნლობის მატარებელია, აუცილებლია იყოს უდიდესი მგოსნის მოსახსენიებელი ადგილი როგორსაც იმსახურებს დიდი შოთა რუსთაველი!..

სამწუხაროდ, დღეს პანთეონების არსებობა აბსოლუტურად უფუნქციოა, მე თუ მკითხავთ, ყველა გენიოსის და საზოგადო მოღვაწის საფლავი უნდა იყოს იქ, სადაც ის დაიბადა და გაიზარდა, ამით მის რაიონს თუ ქალაქს უფრო დიდი მნიშვნელობა და ფუნქცია ენიჭება. აბა წარმოიდგინეთ ილია ჭავჭავაძე რომ ყვარელში იყოს დაკრძალული, როგორ მკვეთრად იზრდება ყვარლის მნიშვნელობა, გარდა ამისა წლის განმავლობაში ყვარელს უფრო ბევრი ტურისტი სტუმრობს თუ გნებავთ უცხოელი, თუ გინდა ამავე ქვეყნის მაცხოვრებელი, ვიდრე მთაწმინდას, შესაბამისად მეტი მნახველიც ეყოლება ილიას საფლავს, უფრო მეტი უცხოელი გაიგებს ინფორმაციას დიდი ილიას ღვაწლის და შემოქმედების შესახებ, უფრო მეტი ადამიანი მიაგებს პატივს მის უკვდავ სახლს, ასევე შესაბამისად აკაკი წერეთელი – საჩხერეში, გალაკტიონ ტაბიძე – ვანში და ასე შემდეგ…

აბა, ერთი წუთით დაფიქრდით, როგორი მნიშვნრლობა ეძლევა ამ ქალაქებს და რაიონებს, ამის ნათელი მაგალითია დავით აღმაშენებლის საფლავი, რომელსაც წლის განმავლობაში ასი ათასამდე მნახველი ჰყავს, მთაწმინდას კიდე წლის განმავლობაში ათასამდე ვიზიტორი… ყვლაფერს თავი რომ დავნებოთ, უფრო დიდი პატივი და მადლია, საკუთარ მიწაზე დაკრძალვა, დიდი წინაპრების და ოჯახის წევრების გვერდით!!! ისე მაინც ყველა საფლავი ერთია, “მიწა იყავ და მიწად იქეც” მთავარი ისაა, როგორ წარსდგება სული შენი იქ, სამსჯავროზე, განკითხვის დღეს!”

გააზიარეთ

 
...