”ელდარ შენგელაისაგან უკეთესს რატომ ელოდით?”

2 ნოემბერი, 2017

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი კინორეჟისორ ელდარ შენგელაიას ახალი ფილმის შესახებ ღიად საუბრობს:

“აქ გაკვირვებულები წერენ: ელდარ შენგელაიამ ასეთი ცუდი ფილმი როგორ გადაიღოო. ზოგი ძველი სენტიმენტების გამო, მაინც ცდილობს ამ ფილმში რაღაც კარგის დანახვას. მე კი ის მიკვირს ელდარ შენგელაისაგან უკეთესს რატომ ელოდით რამეს?

მეტყვით, ხომ გადაუღია შედევრებიო. იმ შედევრების მთავარი ღირისება იდეა და დიალოგებია. არც ერთი ეკუთვნის ბატონ ელდარს და არც მეორე. ჩემთვის „შერეკილების“ და „არაჩვეულებივი გამოფენის“ ავტორი არის რეზო გაბრიაძე და არა ელდარ შენგელაია, ხოლო „ცისფერი მთების“ – რეზო ჭეიშვილი.

ბატონი ელდარის მთელი დამსახურება ქართული კინოს წინაშე ის არის, რომ კარგ სცენარებს არ აიგნორებდა და არ აფუჭებდა, ანუ თავისი ხელობა კარგად იცის, მაგრამ ფილმის ავტორად არასოდეს მივიჩნევ იმ რეჟისორს, ვისაც თავადვე არ ეკუთვნის ფილმის იდეა.

პ.ს. ბატონი ელდარის ცხოვრებაში იყო ისეთი შემთხვევაც, როდესაც კარგი სცენარი გამაზა. თავის დროზე მერაბ ელიოზიშვილმა მას მიუტანა „დიდი მწვანე ველის“ სცენარი (მათ უკვე ჰქონდათ ერთად ნამუშევარი ფილმზე „თეთრი ქარავანი“), თუმცა მან გადაღებაზე უარი თქვა. მხოლოდ ამის შემდეგ მოხვდა ეს სცენარი მერაბ კოკოჩაშვილთან. ვეღარც კოკოჩაშვილმა შექმნა ამის მერე რაიმე ღირებული. რატომ? იმიტომ, რომ ისიც მხოლოდ ხელოსანი იყო და ვინმე შედევრს თუ არ დაუწერდა, რას გადაიღებდა?”

გააზიარეთ

 
...