“დააკვირდით პირველ ფოტოს”

15 ნოემბერი, 2017

2018 წელს ენათმეცნიერის არნოლდ ჩიქობავას დაბადებიდან 120 წელი სრულდება. თბილისის ცენტრში სახელმწიფო კანცელარიასთან, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე მისი სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი ინგრევა.

გოგა ჩანადირი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, თბილისის მერს კახა კალაძეს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს გიორგი შარვაშიძეს მიმართავს:

“პატივცემულო ბატონებო!

დააკვირდით პირველ ფოტოს. ეს არნოლდ ჩიქობავაა, დიდი ენათმეცნიერი. მომდევნო წელს 120 წლის იუბილე აქვს.

თუმცა, მას არ უნდა ამის აღნიშნვნა. მას ურჩევნია ბზარებს ამოეფაროს, რადგან სირცხვილით იწვის. მისი სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი დანგრევის პირასაა. თანამშრომლებს ჭერი ემხობათ და იატაკი ეცლებათ.

ერთხელაც იქნება და უბედურება დატრიალდება.

თქვენ და ჩვენ ქართულად რომ ვლაპარაკობთ, ენაში დადებითი ძვრები რომ ხდება, ამ ინსტუტუტისა და აქაური მეცნიერების დამსახურებაა.

სალიტერატურო ნორმები და 100-ზე მეტი ლექსიკონი რომ გვაქვს, ასე სიღრმისეულად რომ არის შესწავლილი იბერიულ-კავკასიური ენები, ესეც ამ ინსტიტუტის დამსახურებაა.
ეს არის ადგილი, სადაც ხელისგულით სატარებელი ადამიანები მუშაობენ.

ამ დროს კი, რა ხდება?
ქალაქის ცენტრში, სახელმწიფო კანცელარიასთან, ინგოროყვას 8-ში მდებარე შენობა მათ თავზე ენგრევათ.

არნოლდ ჩიქობავა კი ბზარებს ატუზვია და სირცხვილისგან იწვის.

გთხოვთ, გადაარჩინოთ ენათმეცნიერების ინსტიტუტი!”

გააზიარეთ

 
...