“გმადლობ უფალო!”

10 ნოემბერი, 2017

პოეტი ტარიელ ხარხელაური მადლობას უხდის უფალს და საკუთარ შეცდომებზე მკითხველს ლექსის საშუალებით ესაუბრება:

“ვიცი, უფალო, იყო შეცდომა,
ვლეწე ხეების ნორჩი ყლორტები,
ერთი დღე მაინც უნდა მეცხოვრა
ასე უცნაურ გაბოროტებით.

გმადლობ უფალო! ან კი მადლობა
რამეს შესცვლის და რამეს უშველის?!.
ვანგრევდი – რადგან ნგრევა მართობდა
და ამ ნგრევაშიც ვიყავ გულწრფელი.

ვერ შევეგუე უამინდობას,
ნუ მრისხავ – ახლაც ვდგავარ ამ აზრზე
და ის სამყარო – მე რომ მინდოდა,
ნგრევით, ო, ნგრევით გავალამაზე.

ვინც დაითმინა – ნეტარ არიან,
მე არასოდეს ვიყავ დამთმენი,
რაც ვქენ – არასდროს არ მინანია,
დავრჩი ჩამქრალი ხელში სანთელი…

ახლა დავცურავ ცრემლის მორევში,
არ ვზოგავ სხეულს – გვემით ვიწამებ,
ვარ სამყაროთა სიმარტოვეში
ნესტიან კედლებს ყვითლად მიმწვარი.

ვიცი, უფალო, იყო შეცდომა,
ვლეწე ხეების ნორჩი ყლორტები,
ერთი დღე მაინც უნდა მეცხოვრა
ასე უცნაურ გაბოროტებით.”

გააზიარეთ

 
...