“არცერთ ქართველ მონაქრზე არ დაწერილა იმდენი მსოფლიო პრესაში, რამდენიც მეფე ერეკლეზე”

7 ნოემბერი, 2017

7 ნოემბერი მეფე ერეკლეს დაბადების დღეა. ამ თარიღს ისტორიკოსი გიორგი კალანდია ეხმაურება:

“არ მინდა ამ სოციალისტური წარსულითა თუ თანამედროვე პოლიტიკით გაჯერებულ საქართველოში დაგვავიწყდეს ერეკლე მეფის დაბადების დღე! იმ პატარა კახისა, რომელმაც მთელი სიცოცხლე საქართველოს შეალია, 78 წლისა წავიდა ამა სოფლიდან თან „წარიტანა იმდენი ჭრილობა რამდენი წლისაც გარდაიცვალა“.

უკანასკნელ გზაზე სულ რამდენიმე ქართველმა გააცილა, ეპიდემიით შეშინებულ ქვეყანაში ერეკლეს ჭირისუფლობისათვის ბევრს ვაჟკაცობა არ ეყო, მეფის ცხედარი მტკვრის პირას მიუტანიათ, იქვე ნაპირზე დაუსვენებიათ, ეკლესიიდან ორი თუ სამი ბერი გამოსულა და ცხედარი დასაკრძალად წაუღიათ! ასე უხმაუროდ მიაბარეს მიწას „პატარა კახი“ და მას შემდეგ „სვეტიცხოვლის დიდ ტაძარში საქართველოს ცხელი გული ასვენია!”

ერეკლე – კაცი, რომელმაც ყმაწვილკაცობიდანვე იკისრა დიდი ტვირთი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ სამ ვეშაპს შორის მისი კრავივით პატარა ქვეყანა არ გაჭყლეტილიყო, ნამდვილად მოახერხა, ბევრი გულისტკივილის, მარცხის და დამცირების ფასად. აკი ამბობდა კიდეც: „დამღალა ამდენმა წაჯექ უკუჯექობამო“, დაიღალა, მაგრამ სამშობლოსათვის ხმალი ქარქაშში არასოდეს ჩაუგია, წერა და დიპლომატია არასოდეს შეუჩერებია.

არცერთ ქართველ მონაქრზე არ დაწერილა იმდენი მსოფლიო პრესაში რამდენიც მეფე ერეკლეზე, ინგლისური გაზეთების პირველ გვერდებზე „პრინცი ჰერაკლიუსი“ აღფრთოვანებისა და ზოგჯერ გადამეტებული ხოტბის საგნად იქცა! ევროპაში მისმა პიროვნებამ ბევრ ლეგენდას, სენსაციურ ცნობას, ტყუილსა თუ მართალს დაუდო საფუძველი, თუმცა ამ დიდმა ხმაურმა და აურზაურმა ქართლ-კახეთის ბრწყინვალე ხელმწიფე ევროპული რომანტიკის თავისებურ საბურველში გახვია!

მისი დაბადებიდან თითქმის 300 წლის შემდეგ (უფრო ზუსტად 297) მერგო პატივი საქართველოსათვის ეს უცნობი კორესპონდენციები ირლანდიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მენახა, სამშობლოში ჩამომეტანა და „ქართუ“ ფონდის დახმარებით წიგნად გამომეცა. სასიგნალო ეგზემპლარები ხელთა მაქვს, არაერთხელ ვთქვი, რომ საუცხოო გამოვიდა (ამ ჯერ კიდევ გამოუცემელმა წიგნმა ზოგი ვერ შემდგარი „ისტორიკოსი“ ისე გააღიზიანა, რომ კრიტიკა და ლანძღვა დამიწყეს, თუმცა ამ შრომამ ისეთი სიამოვნება მომანიჭა, რომ ეს წკავწკავი არად ჩამესმის), გამოვიდა ისეთი წიგნი როგორც ერეკლესთანა ბრწყინვალე მონაქრს ეკადრებოდა!

ამ ჩემს სტატუსს 1755 წელს ლონდონში გამოქვეყნებული ერთი საგაზეთო ცნობით დავამთავრებ:
“თუ იმ ადამიანებს ვენდობით, ვინც იგი ნახა და გაიცნო, ის აღმოსავლეთის ყველაზე გამოცდილი პრინცია. ასაკით 27 წლისა, გამაოგნებელი გულადობა შესანიშნავად ერწყმის ბრძენკაცურ სიმშვიდეს. უკიდეგანო გამოცდილება, უძლეველი ვაჟკაცობა, სანიმუშო ღირსება, კეთილშობილებით სავსე სამართლიანობა და უსაზღვრო სივრცე აზროვნებისა. მისმა ღირსებებმა ის საკუთარი ხალხისა და ჯარისკაცების კერპად, მეზობლების აღფრთოვანების საგნად და მტრების შიშის ზარად აქცია!

მისი სიმაღლე საკმაოზე მეტია, სხეული კარგად ჩამოსხმული, სახის წყობა მიმზიდველი, მისი მანერები და ტანსაცმელი უბრალოა, თუმცა მთლიანობაში ეს პიროვნება ისეთ დიდებულ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ მას საკუთარი სასახლის ღირსეულ პრინცად და არმიის შესანიშნავ გენერლად აღიქვამ.

მე ჰერაკლიუსის ხასიათის შესახებ მხოლოდ სიმართლეს ვამბობ და რა უნდა იყოს სხვა მისგან მოსალოდნელი, პრინცისაგან, რომელმაც საკუთარ თავში ამდენი ბრწყინვალე თვისება გააერთიანა, რომელიც ძლევამოსილად ფლობს საქართველოს და სპარსეთის სომხეთის ორ დიდებულ სამეფოს, ვისაც გააჩნია ყველაზე დიდი უპირატესობა იყოს აღმოსავლეთის უმამაცესი ერების მთავარსარდალი, იმ ხალხისა, რომელიც საკუთარი პრინცისა და ქრისტიანული რწმენის დასაცავად დაუფიქრებლად გაწირავს თავს.“

გააზიარეთ

 
...