30 ნოემბერი, 2017

“ქართველო, აბა, რა ჰქენი?”

მწერალი და პოეტი საფო მგელაძე სამშობლოს განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩეოდა. მისი ლექსები XXI საუკუნეშიც გამორჩეულად თანამედროვე და აქტუალურია.

“ბაგრატის ტაძრის ნანგრევები” – ასე ეწოდება ლექსს, რომელსაც “არტ ინფო” შემოგთავაზებთ:

“ვნახე ტაძარი ბაგრატის ქმნილი,
ვნახე წარსულის ნაშთი რღვეული,
ვნახე საფლავნი უღვთოდ დანთქმულნი,
ვნახე კედლები ჩამონგრეული…
ვნახე ადგილი ტურფა, მთიანი,
ქვები დათლილი, ჩუქურთმიანი
და მით მდუღარე წყლულს გადამესხა,
თავი დავღუნე, გავწითლდი, შემრცხვა…
შემრცხვა ყველაფრის, შემრცხვა იმისი,
რომ მთლად გავმხდარვართ საჯიჯგნი სხვისი,
რომ ცხოვრების გზა ცუდად გვივლია,
კაცო! თუ ახალ ნერგს აღარ დარგავ,
ძველს რაღად ახმობ, ძველს რაღად კარგავ?!
კაცი ჭკვიანი სახლს არ დაამხობს,
ახალ ხეს დარგავს, ძველს არ გაახმობს.
შენ კი, ქართველო, აბა, რა ჰქენი?
აბა, რას ამბობს შენი საქმენი?!
რა გააკეთე, რა შეიძინე?
ღვინო დალიე, გაიღიღინე…
ადგილ-მამული ნაანდერძევი
ვერ შეინახე, ვერ დაიცავი,
თითო-ოროლა გროშად დაჰყიდე.
ხმალი კუთხეში უქმად დაჰკიდე,
გაიძახოდი: “მაცა” და “მაცა”
და ამ ძახილში სხვამ დაიტაცა:
შენი ქონება, შენი სახლ-კარი…
აჰა, რღვეულა დიდი ტაძარი
და ქართველთა ძე ნეტავ სად არი?!
რად არ ამოვა ამ მთის წვერვალზე,
რა აფარია ნეტავი თვალზე?
რად არასა გრძნობს, რად არას ხედავს,
ბედი დაჩაგვრას როგორ უბედავს?!.
ვნახე ტაძარი ბაგრატის ქმნილი,
ვნახე წარსულის ნაშთი რღვეული,
ვნახე საფლავნი უღვთოდ დანთქმულნი,
ვნახე კედლები ჩამონგრეული…”