5 ნოემბერი, 2017

“მიტოვებული და გაპარტახებული უძველესი მონასტრები”

პოეტი და ფოტოხელოვანი ილია ჭკადუა, იგივე ვაჩე რაინდელი აფხაზეთში გადაიპარა და უჩუმრად ფოტოები გადაიღო.

ხელოვანის ფოტოობიექტივში მოხვდა მიტოვებული და გაპარტახებული უძველესი მონასტრები, წაშლილი და გადაღებილი ფრესკები, საკონცერტო დარბაზად გადაკეთებული ტაძარი, უპატრონობით დანგრევის პირას მისული ჩვენი წინაპრების ნაგები ეკლესიები….

ილიას მიერ გადაღებულმა ფოტოებმა და აფხაზეთში გადაპარვამ დიდი გამოხმაურება მოიპოვა.

გელა კურტანიძეს მიაჩნია, რომ სანამ ასეთი ქართველები არსებობენ, აფხაზეთს ვერ წაგვართმევს ისეთი ბოროტი იმპერია, როგორიც რუსეთია:

“ყველაზე უსაზიზღრესი – საკუთარი უმწეოებისა და უსაასოობის ყელში მობჯენილი გრძნობაა, თვალებში მოწოლილი სისხლი, ცრემლად ქცეული…

ბედის უკუღმართობით თავის ტერიტორიაზე მოქცეულ ჩვენი უძველესი ქრისტიანული ტაძრების აღდგენისა და რესტავრაციის საშუალებას გვაძლევს მუსულმანური თურქეთი და აგერ, ჩვენ საკუთარ, ძირძველ მიწაზე არსებულს გვინადგურებს ერთმორწმუნე რუსეთი…

იმედმა დამძლია მაინც, სანამ ასეთი ქართვლები არსებობენ, რომლებიც არ ერიდებიან სიცოცხლის რისკის ფასად აფხაზეთში გადასვლას უძველესი ქართული ტაძრების მოსანახულებლად, სანამ ჩვენ სისხლს გვიფორიაქებს ვანდალურად შეურაცხყოფილი ჩვენი სიწმინდეების ფოტოების ხილვა, სანამ გვტკივა აფხაზეთიც და აფხაზებიც, მას ვერ წაგვართმევს ვერცერთი იმპერია, ისეთი ბოროტიც კი, როგორიც რუსეთია.”

ილია ჭკადუას სურვილია გამოსცეს ალბომი – “გაერთიანებული საქართველო” თავისი ისტორიული თუ ოკუპირებული ტერიტორიებით:

“მადლობა ჩემს მეგობრებს, რომლებმაც ბევრი უძვირფასესი რამ მითხრეს და გამოხატეს უდიდესი სითბო ჩემდამი, არ ვარ ასეთი სიტყვების ღირსი. იმედია, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მივა და შესაძლოა, ღმერთმა ქნას, ეს იყოს პირველი ნაბიჯი აფხაზეთის დაბრუნების!”