5 ნოემბერი, 2017

“ერთად აღვნიშნოთ ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილე”

„ეროვნული იმპერატივი“ ილია ჭავჭავაძის იუბილეს მის მშობლიურ ქალაქში ხვდება!

ილია ჭავჭავაძის საიუბილეო პროექტი „ილია ჭავჭავაძე 180 – უკვდავების ფენომენი“ საქართველოს მასშტაბით ხორციელდება და მეშვიდე თვეა მიმდინარეობს.

ილია ჭავჭავაძის საიუბილეო კვირეულის ფარგლებში 6 ნოემბერს, სპექტაკლი „საუკუნის მკვლელობა“ წარმოდგენილი იქნება ილიას მშობლიურ ქალაქ ყვარელში, სადაც 1837 წლის 8 ნოემბერს დაიბადა!

სპექტაკლი, რომელმაც უკვე მესამედი საქართველო მოიარა, ილიას მკვლელობის დღეს წარმოდგენილი იყო საგურამოში ილიას სახლ-მუზეუმის ეზოში ღია სცენაზე. ამჯერად, ყვარელი უკვე ილიასეული მეორე მემორიალური ადგილია, სადაც „ეროვნული იმპერატივი“-ს პროექტის და სპექტაკლ „საუკუნის მკვლელობის“ პერსონაჟები – თავად ილია, მისი თამანეცხედრე ოლღა გურამიშვილი და სხვა არაერთი მათი თანამედროვე მოღვაწე შეაბიჯებენ!

„ეროვნული იმპერატივი“ ასევე მოინახულებს ყვარელში ილიას სახლ-მუზეუმს და საჩუქრად გადასცემს პიესის „საუკუნის მკვლელობა – გზა ილიასი“ (ავტორი გიორგი სავანელი) წიგნებს, რომლის მიხედვითაც შეიქმნა ზემოხსენებული სპექტაკლი და რომელიც ერთადერთი მხატვრული ნაწარმოებია ილია ჭავჭავაძის შესახებ. ეს ნაწარმოები შეიქმნა საქართველოს დამოუკიდებელ სახელწმიფოდ არსებობის შემდეგ და ის სრულად თავისუფალია საბჭოთა პოლიტრკონიუნქტურული გავლენებისაგან.

უშუალოდ, ილია დაბადების დღეს კი, 8 ნოემბერს სპექტაკლი „საუკუნის მკვლელობა“ თბილისში ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრის სცენაზე, 18 საათზე იქნება წარმოდგენილი, სადაც უკვე მესამე სეზონია სარეპერტუარო წარმოდგენად გადის.

გელოდებით ყველას, ერთად აღვნიშნოთ ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილე!