24 ოქტომბერი, 2017

ოჯახი, რომელმაც საქართველოს სალამურის სამყარო შეუქმნა

– სამშობლოს მიწას ძვლებიც ნატრობენ… – ასე ასათაურებს ემიგრანტი ლელა ჭელიძე თავის ჩანაწერს, რომელიც გიორგი ნადირაშვილისა და ევა ბიჩინაშვილის ოჯახს ეძღვნება:

“გიორგი ნადირაშვილისა და ევა ბიჩინაშვილის არაჩვეულებრივი ოჯახი, რომელმაც სალამურის სამყარო შეუქმნა საქართველოს. მათ უამრავი თაობა დაზარდეს და აზიარეს ქართული ფოლკლორის ხელოვნებას. აზიარეს შინაც – საქართველოში და მამულის გარეთ დაფანტულებსაც, რითაც ქართულ სალამურს სული შეუნარჩუნეს და მისი პოპულარიზაცია მოახდინეს ცხრა მთას იქეთ, უცხო მიწაზე – ამერიკაში…

რამდენიმე წელია, რაც ქალბატონი ევა გარდაიცვალა, სულ ცოტა ხნის წინ ბატონი გიორგიც… სამწუხაროდ, ორივე აქ, უცხო მიწას არიან მიბარებულნი… ოჯახს გადასვენების ფინანსური შესაძლებლობა არ ჰქონდა და იმიტომ…. დიდმა გიორგიმ მისი ოჯახის ღირსეულ გამგრძელებლებს, ძმებს ნიკო და რაული ნადირაშვილებს ანდერძი დაუტოვა ,,სამშობლოში გადასვენებისათვის ფული არ ესესხათ, მათი შრომით შეეგროვებინათ… მათი შრომა კი მუსიკა და ქართული საკრავებია – ეროვნული საკრავები, რომელზედაც აჟღერებენ არა მარტო ქართულს, არამედ უცხოურ მუსიკასაც.

მართლაც ძმებმა ნადირაშვილებმა ტრიო ,,საუნჯის” ბაზაზე შექმნეს ახალი შემოქმედებითი მუსიკალური ანსამბლი ,,საუნჯე” და ნიუ იორკში ყოფილ მილენიუმის თეატრის შენობაში ახალი ანსამბლი ,,საუნჯე”‘მსმენელის წინაშე ახალი შემადგენლობითა და ახალი მუსიკალური შემოქმედებით წარსდგა.
საქველმოქმედო კონცერტზე შესული თანხა ბატონი გიორგისა და ქალბატონი ევას სამშობლოში გადასვენებას მოხმარდება…

როგორც ერთი ემიგრანტთაგანი, გულით ვუსურვებ ძმებს ნიკოს და რაულის მამის ანდერძის პირნათლად შესრულებას და საკონცერტო ტურნეს გაგრძელებას, როგორც აქ შტატებში, ისე ევროპაში და დასკვნით კონცერტს სად? სად და საქართველოში!”