11 ოქტომბერი, 2017

ასეთია გოგონების ბედი საქართველოში

11 ოქტომბერს მსოფლიო გოგონების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

ამ დღეს მწერალი ნინო თარხნიშვილი საგანგებო ჩანაწერით ეხმაურება, რომელიც საქართველოში გაჩენილი გოგონების ხვედრზე დაგაფიქრებთ:

“ბრძოლა საშოდან იწყება.

ჯერ კიდევ მაშინ იწყება ბრძოლა, სანამ საშო შენი სახლია და წესით, შენი ციხე-სიმაგრეც.
მაგრამ ბრძოლა მაშინ იწყება, თუკი არ გაგიმართლა და ჩაისახე ამ საშოში მაგალითად, მეორე გოგოდ ან მესამედ ან ღმერთმა ნუ ქნას და ფუი ეშმაკს, მეოთხედ
და ექიმმა ჯერ კიდევ საშოდ მყოფს, შეამჩნია, რომ შენი გენიტალია შენი მშობლების სურვილებს და ოცნებებს არ ემთხვევა…

და თუკი მაინც გაგიმართლა და მშობლებმა ნაადრევად არ გამოგდევნეს საშოდან,
მაშინ კიდეც გამოძვრები ცხრა თვის თავზე და შენს დანახვისას სევდიანად გადააქნევენ ნათესავები თავებს და მამას გაგიმხნევებენ, “შემდეგი ბიჭი იქნება”.
დედა კი თითქოს დამნაშავეაო, მდუმარედ ჩაგჩრის პირში გამკვრივებულ კერტს და შენც დაუწყებ ლოღვნას…

მერე უკვე მთავარია, კარგად ისწავლო ძუძუს წოვა.
თავის დაცვა ისწავლო – და პირველ რიგში, მშობლებისგან, ახლობლებისგან,
რომ ერთ დღეს, 14 რომ შეგისრულდება, არ გადაწყვიტონ და გაგასაღონ როგორც რომ ტვირთი,
და მერე თქვან, რომ პატრონს ჩაბარდი…

და ერთ დილასაც აღმოაჩინო, რომ შენ ბავშვურ საშოში დაუდვია ბინა კიდევ ერთ ბავშვს
და რა მისი ბრალია,
მაგრამ ჯერ კიდევ არდაბადებულს, მასაც სხვებივით
წაურთმევია შენთვის თავისუფლება –
გეთამაშა, გევლო სკოლაში, წიგნი გეკითხა
და მერე, იქნებ, წლების მერე, სიყვარულიც გეპოვნა სადმე…”