28 ოქტომბერი, 2017

“ამ კოლექციაში ერთი გასაოცარი რამ აღმოვაჩინე”

აცხადებს ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია და მხატვარ სიმონ დადიანის ნამუშევრების სამშობლოში დაბრუნების თემას ეხმაურება:

“ამ მოკლე პერიოდში სიმონ დადიანი ჩემს და საერთოდ საზოგადოების გაოცებას არაერთხელ ახერხებს. გუშინ მუზეუმი მასპინძლობდა საფრანგეთში მცხოვრებ მემკვიდრეებს ბატონ მიხეილ ვოდეს და ქალბატონ ლია ვოდეს, ორ საოცარ ადამიანს, რომელთაც საქართველოს სამუდამო მფლობელობაში გადასცეს სიმონის უკვე საქვეყნოდ ცნობილი კოლექცია. ქალბატონი ლია ამ შემთხვევაშიც ხელდამშვენებული ჩამოვიდა და მუზეუმს უსახსოვრა სიმონიკას ბრწყინვალე არქივი, მათ შორის ახალგაზრდობის დროინდელი ნახატები.

და, აი, ამ კოლექციაში ერთი გასაოცარი რამ აღმოვაჩინე, სიმონ დადიანმა 1955 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გააფორმა სანფრანცისკოს 33-ე სეზონი, ამ თემასთან დაკავშირებით მას მიმოწერა ჰქონია კურტ ჰერბერტ ადლერთან, სან-ფრანცისკოს ოპერის დირექტორთან, მსოფლიოში ცნობილ მოღვაწესთან.

ამავე არქივში ინახება თეატრალური ესკიზების რამდენიმე ათეული ნიმუში, რომელიც ცალკე გამოფენისა და სამეცნიერო კვლევის საგანია.

ამ კოლექციას დამთვალიერებელი მომავალ წელს სიმონ დადიანის იუბილისადმი მიძღვნილ დიდ გამოფენაზე იხილავს ხელოვნების სასახლეში.

მანამდე კი მისი თეატრალური ნამუშევრების მცირე ნაწილს ვაქვეყნებ და აქვე ვსვამ კითხვას, გვყავდა კი ქართველებს აღნიშნულ ეპოქაში ამ მასშტაბისა და გაქანების მხატვარი? სიმონ დადიანის შესადარი შემოქმედი, რომელიც მსოფლიოს წამყვან გალერეებში იფინებოდა და თან საქვეყნოდ განთქმული ოპერის დადგმებს აფორმებდა?!

მიხარია, რომ ასეთი მხატვარი სამშობლოს დაუბრუნდა და მისი ძვირფასი კოლექცია ჩვენი მუზუემის კუთვნილება გახდა! დიდი მადლობა ამისათვის ყველას, განსაკუთრებით კი ბატონ მიხეილ და ქალბატონ ლია ვოდეებს, ძვირფას მია ღვინიაშვილს, ბატონ არჩილ გელოვანს, ბატონ ლევან ხარატიშვილს, ბატონ გია ჯავრიშვილს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, კულტურის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს საელჩოს საფრანგეთში და ა.შ. მოკლედ, ყველას, ვინც სიტყვა შეგვაწია, ხელი შეგვაშველა.”