მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედება სცენაზე გაცოცხლდება

26 ოქტომბერი, 2017

“კურდღელი” – ასე ეწოდება სპექტაკლს, რომლის რეჟისორიც თეატრალური უნივერსიტეტის მეოთხე კურისის სტუდენტი მარიამ გაგლოშვილია.

მოზარდ მაყურებელთა თეატრის ექსპერიმენტული სცენა ამჯერად დებიუტანტ რეჟისორს დაეთმობა.

სპექტაკლის პრემიერა 2 ნოემბერს 20 საათზე გაიმართება. “კურდღელი” რეჟისორმა მიხეილ ჯავახიშვილის ნაწარმოების თემაზე დადგა, სპექტაკლის მხატვრულად გაფორმებაზე კი დათო ლაპიაშვილმა იზრუნა.

მარიამ გაგლოშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში დაკავებულნი არიან მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობები მერაბ ბრეკაშვილი, ნაირა გელაძე, ლევან კაციაშვილი. სიდონიას როლზე კი რეჟისორმა კინომსახიობთა თეატრიდან ანა მატუაშვილი მოიწვია.

პრემიერაზე მისულ მაყურებელს ელოდება ახალგაზრდა ქალის ისტორია, რომელიც სინამდვილიდან უცნაურ, წარმოსახვით სამყაროში გაქცევას ცდილობს, იქ, სადაც მისი შვილი ცოცხალია. უსაზღვრო ტკივილს დანაშაულის გრძნობაც ემატება.. შეშინებული სიდონია რეალობას გაურბის და იმ სათამაშო თეთრ კურდღელს ემსგავსება, რომელსაც გვერდიდან არ იშორებს.

გააზიარეთ

 
...