“ერეკლე მეფის ღვაწლი კიდევ ერთხელ გახმიანდება ევროპის მასშტაბით!”

12 ოქტომბერი, 2017

ისტორიკოსმა გიორგი კალანდიამ ირლანდიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში 200-ზე მეტი უცნობი პუბლიკაცია აღმოაჩინა ერეკლე მეფის შესახებ და ეს უნიკალური პუბლიკაციები ერთ წიგნად აკინძა.

გიორგი კალანდია:

“ჩემი წიგნებიდან ყველაზე მეტად ამ წიგნის დაბადება გამიხარდა, ალბათ რამდენიმე მიზეზის გამო:

პირველი იმიტომ, რომ მის შექმნას ჩემი განსაკუთრებული მოგონებები უკავშირდება: 200-ზე მეტი უცნობი პუბლიკაციის პოვნა ქართველი მეფის შესახებ ირლანდიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში… სიხარული, ჟინი, ზოგჯერ მოულოდნელობის აღმოჩენით თვალზეც მომდგარი ცრემლიც. არ მავიწყდება ჩემების აღტაცება, ჩემი ბიძაშვილის ნათიასი და განსაკუთრებით მამიდაჩემის მედეასი, რომელიც ალბათ იყო კიდეც ყველაზე დიდი მხარდამჭერი, თანამგრძნობი და თანამზრახველი ამ წიგნისა, სწორედ ამიტომაც ეს გამოცემა მის ნათელ ხსოვნას მივუძღვენი.

მეორე იმიტომ, რომ ამ წიგნმა კიდევ უფრო ცხადად მაგრძნობინა დღევანდელი რეალობა: ვის არ მივმართე, ვის არ ვთხოვე, შეიძლება ითქვას ბევრი შევაწუხე, ზუსტად ისეთებთან მივდიოდი ვისაც თითქოს ეხებოდა და პირდაპირ ევალებოდა კიდეც ასეთი პროექტის თანაგრძნობა, თუმცა ყველაზე დიდი მხარდაჭერა ფონდ “ქართუსაგან” მივიღე, რომელმაც სრულად დააფინანსა წიგნის გამოცემისათვის საჭირო ყველა პროცესი.

მესამე იმიტომ, რომ ეს წიგნი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზია ჩემს გამოცემულ წიგნებს შორის, საუცხოო პოლიგრაფია, მაღალი ტექნოლოგიები, სპეციალურად შერჩეული შრიფტი, ყდის დიზაინი “National Geographic”-ის ერთ-ერთმა დიზაინერმა მარინა ბალავაძემ გააკეთა. ბევრი იშრომეს ჩემმა მეგობრებმა ირაკლი ზამბახიძემ, მერი ხარაიშვილმა, ანა ბაკურიძემ, ნათია კალანდიამ, ქეითი დევისმა, ელენე სალარიძემ. წიგნის სამეცნიერო რედაქტორია ბატონი ნოდარ შოშიტაშვილი.

მოკლედ, საუცხოო რამ გამოვიდა, ისეთი როგორც მეფე ერეკლეს ნათელ სახელს ეკადრებოდა, სიმბოლურია მაგრამ წიგნის პირველი ეგზემპლარები უკვე ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე წაიღეს საპრეზენტაციოდ წიგნის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა, დანარჩენ ნაწილი რამდენიმე დღეში მიგვაქვს ჩვენც.

ასე რომ, ერეკლე მეფის ღვაწლი კიდევ ერთხელ გახმიანდება ევროპის მასშტაბით! სამშობლოში დაბრუნებულები გრანდიოზულ პრეზენტაციას გავმართავთ და ყველას მოგიპატიჟებთ.”

გააზიარეთ