“გააჩერეთ დედამიწა ჩავდივარ” – ანზორ თავბერიძე გარდაიცვალა

15 ოქტომბერი, 2017

კომპოზიტორი ანზორ თავბერიძე გარდაიცვალა.

სამწუხარო ინფორმაცია ოპერის მომღერალმა ალექსანდრე ხომერიკმა გაავრცელა:

“დიდი მწუხარებით ვაუწყებ ქართველ საზოგადოებას უნიჭიერესი მუსიკოსის, კომპოზიტორის ანზორ თავბერიძის გარდაცვალებას.

იგი გახლდათ ბრწყინვალე ადამიანი, ფენომენალური ნიჭის მუსიკოსი, რომელსაც შეეძლო ნებისმიერი ნაწარმოები განსაკუთრებული სილამაზით გაეშალა ოთხ ხმაში, ასეთი ადამიანების არსებობა იშვიათია.

ანზორ თავბერიძემ შექმნა სამასამდე სიმღერა, რომელიც დიდი წარმატებით სრულდება საქართველოში. ერთ-ერთი ბრწყინვალე ნაწარმოები “გააჩერეთ დედამიწა ჩავდივარ” უდიდესი ბრწყინვალებით შეასრულა ჩვენმა გამოჩენილმა მომღერალმა თემურ წიკლაურმა.

ბატონი ანზორი გახლდათ შესანიშნავი ანსამბლის “ადილა” დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი. მოგეხსენებათ ანსაბლმა “ადილამ” 1973 წელს მაშინდელ საბჭოთა კავშირში აღიარებული კონკურსის ახალგაზრდული ხმების პირველი ადგილის მფლობელი გახდა, სადაც მეც ვმონაწილეობდი. ბატონი ანზორი იყო ჩემი პირველი მასწავლებელი საესტრადო ჟანრში.

განსაკუთრებით სამწუხაროა, როდესაც მასზე წარსულში ვლაპარაკობთ. ის იყო არაჩვეულებრივი ადამიანი, უღალატო კაცი, მეუღლე, მამა, ბაბუა და შესანიშნავი მეგობარი. ჩემის მხრივ უდიდეს მადლიერებას გამოვხატავ იმ დიდი სიკეთისთვის, რაც ანზორ თავბერიძემ ჩემი მუსიკალურად ჩამოყალიბებისთვის გააკეთა. დღეს ანზორ თავბერიძის ნეშთი მიაბარეს ქალაქ ბათუმის მადლიან მიწას. ჩვენ ღმერთს შევთხოვთ მიიღოს მისი ლამაზი სული სამუდამო განსასვენებელში.”

გააზიარეთ

 
...