“ახლა ყური დამიგდოს მავანმა…”

18 ოქტომბერი, 2017

აცხადებს ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი საშა გველესიანი:

“ახლა ყური დამიგდოს მავანმა, ვინც საკუთარი სულიერი სიღარიბის გამო, ერს ლანძღავს და იგივეს აბრალებს – ბიძიკოებო, უწიგნურობა ადამიანის პირადი არჩევანია, რადგან არც ერთი, ვერ და არმისაღები ხელისუფალი, არასოდეს მოსულა ჩვენთან, წიგნი არ გამოუგლეჯია ხელიდან და არ დავუყენებივართ კუთხეში, ამის გამო.

რომ ამ უწიგნურობის შედეგია, დღეს, ავის და კარგის გარჩევა თუ არ შეგვიძლია და ჩვენ თუ ჩვენი საოხრე სხვის საოხრეში გვინდა, სული კი, სამოთხეში, რომ ვიცით, ასე, ამგვარად, ვერ ვიცხოვრებთ და ყოველთვის ფსკერზე ვიქნებით, ღმერთს ნუ დავაბრალებთ ამას და მეტიც, ამის გამო, ღმერთის არსებობაში ეჭვის შეტანა, ნამეტანი სასაცილოს რომ გვხდის, შენ თუ ვერა, მე ვხვდები და ჩემისთანები…

და რომ რაც გვაქვს, ისიც არ გვეკუთვნის, რადგან ჩუმად ვართ, განზე ვართ, საკუთარ მათლაფებში თავჩარგულები და ვიდრე სწორედ ამ მათლაფაში დინგს არ ჩაგვიკრავს ვინმე, ვართ ამ დასაღუპავი სიჩუმით ავად, კი უნდა ვხვდებოდეთ, უღირსებს, ამ თუნდაც მწირ ლუკმას ვინ გვაძლევს…
გაუნათლებლობაა ჭირი და ავადმყოფობა, რომლისგანაც გვჭირს რაც გვჭირს და ნუ ვეძებთ ბეწვს სხვის თვალში…

და რომ გამოუყენებელი მიწების პატრონები ვართ!
და რომ გამოუყენებელი ნიჭის პატრონები ვართ!
და რომ დაუხარჯავი ძალის მქონე ვაჟკაცები ვართ!
და რომ ჩვენგანვე გაბახებული ენის პატრონები ვართ!
და მე და შენ, ჩემო იმანო, ნეხვის სითბო გვერჩივნოს საქმის კეთებას, არაა ეს მთელი ერის ბრალი!
წასვლა გინდა? – წადი!

თორემ ბოღმის ნთხევას, სკამის ძიებას – ეგებ ქვეყანა სადღაც გავყიდო და რაც შეიძლება სარფიანადო, ამ დახლთან ადგილს ვინღა მოგცემს – აზრი არ აქვს!

ერი ვართ და თავის წესი აქვს ერისკაცობას, ძნელი, ძალიან ძნელი!
ადვილი რაცაა იხილე ზემოთ ჩამოთვლილი…

P.S. ჰო, ღმერთი მაინც არსებობს, არ გეწყინოს და ასეა…”

გააზიარეთ

 
...