“არ ვიცი, შეიძლება ვცდები…”

16 ოქტომბერი, 2017

პოეტსა და მთარგმნელს გიორგი ლობჟანიძეს მიაჩნია, რომ როგორი ბეჩავიც არ უნდა იყოს სახელმწიფო მაინც უნდა მოახერხოს, რომ უკვე ლოგინად ჩავარდნილ ლეილა აბაშიძეს დენი ვერავინ გაუთიშოს და ლიკა ქავჟარაძეს მედიკამენტების ფული ჰქონოდა:

“არ ვიცი, შეიძლება ვცდები. ყოველ შემთხვევაში, მესმის, რომ ბევრი სხვაგვარად ფიქრობს. განსაკუთრებით, ახალგაზრდები ან მუდმივად ახალგაზრდობის ასაკში ჩარჩენილი ,,ზომიერი”, ,,საღად მოაზროვნენი”, რომლებიც სინამდვილეში ამ ,,ზომიერებით” სისასტიკესა და გულგრილობას ფარავენ, ან საკუთარი შეუმდგარობისათვის იძიებენ შურს იმათზე, ვინც ოდესმე რამე გააკეთა, ვისაც ოდესმე რამე გამოუვიდა.

ყოველ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ ქართულმა სახელმწიფომ (რაც უნდა ბეჩავი იყოს!) ის მაინც უნდა მოახერხოს, რომ უკვე ლოგინად ჩავარდნილ ლეილა აბაშიძეს დენი ვერავინ გაუთიშოს. ლიკა ქავჟარაძეს მედიკამენტების ფული ჰქონოდა. ვიღაც წერდა: ,,ბოლოს და ბოლოს ერთი როლი ითამაშა, ისეთი რა გააკეთაო?!” რატო დედაშენმა არ ითამაშა ის ერთი როლი! ლიკა ქავჟარაძემ, თავისდაუნებურად, იმაზე დიდი როლი ითამაშა, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია ან თუნდაც თვითონ წარმოედგინა.

მისი სახით (სწორედ მისი სახით) გვიჩვენა ღმერთმა, როგორი შეიძლება იყოს ანგელოზი. და ნურავინ მეტყვის, რომ სილამაზე ნიჭი არ არის! ისეთივე საჩუქარია, როგორც გონება! გონიერება კი ,,გაძრომ-გამოძრომის უნარი არ არის”, ეს არ არის უნარი იმისა, რომ არასდროს ჩამოვარდე. პირიქით…

ბოლოსდაბოლოს, ყველას უწევს ის ასაკი თუ დრო, როცა მუშაობა აღარ შეუძლია და, რა თქმა უნდა, ბოლოს ყველანი დავიხოცებით…”

გააზიარეთ

 
...