13 სექტემბერი, 2017

“ადამიანები იმიტომ ბერდებიან, რომ…”

“სიყვარულის ცეცხლი” – ასე ეწოდება გოდერძი ჩოხელის მოთხრობას, რომელიც ორი უიღბლო ადამიანის – სალომეს და სებას სიყვარულზე მოგვითხრობს.

“არტინფო” მოთხრობიდან ყველაზე საინტერესო ეპიზოდებს გთავაზობთ:

***

“ადამიანები იმიტომაც ბერდებიან, რომ სხვა ყველაფერთან ერთად, თანდათანობით აკლდებათ სითბო: მშობლების სითბო, შვილების სითბო, შეყვარებულის სითბო, მეგობრებისა და ახლობელი ადამიანების სითბო და რაც მთავარია, იმედის სითბო.
ადამიანს დაბადებიდან სულ თან დაჰყვება იმედის სითბო, ფიქრობს, რომ ერთხელაც იქნება… მაგრამ რაკი ის რაღაც ამ ქვეყანაზე თურმე არ ხდება, ნელ–ნელა, რაც წლები გადის, თანდათანობით ქრება იმედის სითბო და მართალია სიკვდილამდე მაინც ღვივის მისი ნაპეწკლები ადამიანის სულში, მაინც საზარელია სიმარტოვის ჟამს საიდანღაც მონაქროლის ამაოების ქარი.”

***

“სიყვარულთან ერთად, თუ სიყვარულის გარდა ამ ქვეყანაზე არსებობს ბედისწერა, რომელიც ყველაფერს თუ არა, თითქმის ყველაფერს განაგებს ადამიანის ამქვეყნურ შარაგზაზე, ზოგისთვის რომ მართლა შარაგზა არის და ზოგისთვის კი, მიხვეულ-მოხვეული, ეკლიანი ბილიკი. სიყვარული კი ისეთი ღვთიური გრძნობაა, გინდა შარაგზაზე იდგე და გინდა მიხვეულ-მოხვეულ, ეკლიან ბილიკზე, ამ გრძნობას უიღბლოს ვერ უწოდებ, იმიტომ რომ ის სიყვარულია!!!”

***

“როცა გზაზე ადამიანები ხშირად აღარ დადიან, გზამაც მოწყენა იცის. თანდათან ბელტდება და ვიწროვდება. მერე კი სულაც ნაგზევი ხდება და ემატება იმ სიტყვებს, როგორიცაა: ნასოფლარი, ნასაყდრალი, ნასახლარი, ნაფუძარი, ნაცოლარი და ვინ იცის, კიდევ რამდენი სიტყვა შეემატოს ამ სიტყვებს, ვინ გაიგებს, როგორ ქარს წამოუბერავს ზენაარი დედამიწაზე, თუ ადამიანები საერთოდ დაივიწყებენ ისეთ სიტყვას, როგორიცაა – სიყვარული!”