11 სექტემბერი, 2017

უაფხაზეთო საქართველო “ბიბლუსში”

მომღერალმა გიორგი სუხიტაშვილმა გაავრცელა ფოტო, სადაც გადაღებულია სუვენირი – საქართველოს რუკა, რომელზეც აფხაზეთი არ არის დატანილი.

გიორგი სუხიტაშვილი:

“ამის გამკეთებლის დედა… ნუ მაპატიებთ ამ გინებას თუ გნებავთ, ვინც ვერ მაპატიებს დატოვეთ მეგობრების სია! საქართველოში იყიდება თურმე! ვინც ასეთ რამეს აკეთებს იმათ წინააღმდეგ კანონი რატო არაფერს არ აკეთებს?”

გავრცელებულ ფოტოს “ბიბლუსი” ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა:

“სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში იყიდება სუვენირი – საქართველოს რუკა, რომელზეც აფხაზეთი არ არის დატანილი.

გვინდა იცოდეთ, რომ ბიბლუსს მსგავსი სუვენირი არ შეუძენია, ჩვენ ქსელში შემოვიტანეთ რა თქმა უნდა ისეთი, რომელზეც ჩვენი სამშობლო სრულად არის დატანილი. თუმცა როგორც გაირკვა, მომწოდებელმა, რომელმაც აღნიშნული პროდუქცია მოგვაწოდა, შემოგვაპარა რამდენიმე ცალი ხარვეზიანი. აღნიშნული ინფორმაცია გადავამოწმეთ სრულად ქსელში და წუნდებული სუვენირი რამდენიმე ცალი მხოლოდ ერთ კონკრეტულ ფილიალში დაფიქსირდა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი იურისტები ხვალვე მიმართავენ სამართალდამცავ ორგანოებს, რათა გამოიძიონ ეს ფაქტი.

საქართველო ჩვენთვის იყო, არის და იქნება ყოველთვის აფხაზეთით და რა თქმა უნდა, არასოდეს შევეგუებით ჩვენს სამშობლოს ამ უნიკალური ტერიტორიის გარეშე.”

მსახიობმა დავით ქაცარავამ კი “ბიბლუსი” ტყუილში დაადანაშაულა:

“მომწერა ჩემმა მეგობარმა ამ სუვენირთან დაკავშირებით – გამსახურდიას გამზირიდან მოყოლებული, აბანოთუბნამდე 37 სუვენირების მაღაზიებში დევს ეს პროვოკაციული სუვენირი. მოგიწოდებთ ყველას არ დაიზაროთ და ეს მოღალატეობრივი პროვოკაცია ერთად აღვკვეთოთ ერთად!

და აუცილებლად დავადგინოთ დამკვეთი/შემსრულებელი! ძალა ერთობაშია!”