15 სექტემბერი, 2017

როგორ იქმნებოდა სესილია თაყაიშვილის შედევრები

სესილია თაყაიშვილმა თავის პროფესიას მთელი ცხოვრება მიუძღვნა. ამის დასტურია მის მიერ თეატრსა თუ კინოში განსახიერებული როლები.

რეჟისორები, რომლებმაც მსახიობთან იმუშავეს, სესილია თაყაიშვილს განსაკუთრებულად იხსენებენ:

ნანა ჯანელიძე, რეჟისორი:

“ნატვრის ხეს” ვიღებდით. უცებ, ბატონმა თენგიზმა დაიძახა, “მზად არის”. დასტაცეს ასისტენტმა ბიჭებმა ხელი სესილია თაყაიშვილს და ჩასვეს ტალახში. ამაზე ირგვლივ სიცილ-ხარხარი ატყდა. თენგიზმა ისევ დაიძახა: “მატორ!” სესილია ნამდვილი მსახიობი იყო. უცებ მონუსხა ყველა. იჯდა სესილია ტალახში, დასვრილ ხელებს ასავსავებდა, თითოეულ მათგანს თვალებში უყურებდა… მის თვალებში იკითხებოდა, აი, შენ ხარ დამნაშავე, შენც… უცებ თითქოს გაიყინა ყველა, სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. იმდენად გასაოცრად, დამაჯერებლად გაითამაშა ეს სცენა, ერთი დუბლის მეტი არ დაგვჭირვებია.

რადგან ხელები დიდხანს ჰქონდა ტალახში, სცენის გადაღების შემდეგ საშინელი ალერგია დაეწყო. სთხოვდნენ ხელთათმანების ჩაცმას, მაგრამ არ გაუკეთებია, სამაგიეროდ, მის ხელებს ერთ წელიწადს მკურნალობდნენ, რადგან ინფექცია ჰქონდა შეჭრილი.”

 

ელდარ შენგელაია, რეჟისორი:

“ცისფერი მთების” სცენარზე მუშაობა რომ დავასრულეთ, ცხადია, ბუღალტრის როლზე ქალბატონი სესილია მყავდა წარმოდგენილი და სცენარით ხელში მივადექი კიდეც შინ.
– დეიდა სესილია, აი, სცენარი… მგონი, ძალიან საინტერესო როლია თქვენთვის, მინდა გაეცნოთ და…
– ყველაფერი დამთავრდა, არავითარ ფილმში აღარ ვითამაშებ, არც თეატრში ვთამაშობ. გაიგეთ, არ შემიძლია…

მართლაც, ფილმის დასრულების შემდეგ რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ფაქტობრივად, როცა ვიღებდით, მძიმე ავადმყოფი იყო. თუ იტყოდა უარს, იმას წყალი აღარ გაუვიდოდა. მაშინ ცოტა ვიეშმაკე და ასეთი რამ ვუთხარი: იქნებ სცენარი წაიკითხოთ და თქვენი აზრი მითხრათ-მეთქი.
– რომელი რედაქტორი მე ვარ, სცენარი ვიკითხო. მეტი საქმე არა მაქვს, ვიჯდე და შენი უნიჭო სცენარი ვიკითხოო, – მომახალა.

ფარ-ხმალი არ დავყარე. როგორც იქნა, დავითანხმე… მეორე დღესვე დავურეკე:
– ქალბატონო სესილია, კითხვა ხომ არ დაგიწყიათ?
– წავიკითხე. მოდი და რაღაცებს გეტყვი.
იმწამსვე გავვარდი… კარი თავად გააღო და რას ვხედავ, საგანგებოდ არის ჩაცმული, სწორედ ისე, როგორც ფილმშია: ხალათი, ჩუსტები, ვარცხნილობაც კი სხვანაირი აქვს, ხელში რაღაც ქაღალდები უჭირავს:
– აი, შენი გმირი ასეთი უნდა იყოს და ქაღალდებით ხელში სულ უნდა დადიოდესო, – მეუბნება.
– დეიდა სესილია, აგერ არა ხარ? – შევაპარე.
– არა, არა, მე არ შემიძლია, არ შემიძლია, ყველაფერი მტკივა. გაიგე რა, მე უკვე იმ ასაკისა ვარ…
– ეს ქალიც ამ ასაკისაა, ამ ქალსაც ყველაფერი სტკივა და თანაც აქანავებს.
მეც მაქანავებსო, – შემომჩივლა.
ბოლოს და ბოლოს, მაინც მითხრა:
– კარგი, მაგრამ, იჩქარე. იცოდე, რაც შეიძლება იჩქარე.
გადასაღებ მოედანზე დიქტატორ რეჟისორებს არ ვგავარ, მაგრამ ამ შემთხვევაში გავხდი დიქტატორზე დიქტატორი, უმკაცრესი დისციპლინით. ზოგჯერ გადაღებაზე საავადმყოფოდან მოგვყავდა, მის ეპიზოდს ნახევარ საათში ვიღებდით და უკან ვაბრუნებდით მანქანით. გადაღებაზე ექიმიც თან მოჰყვებოდა…

“ცისფერი მთების” პრემიერა გვაქვს კინოს სახლში… იმ პერიოდში ქალბატონ სესილიას დაქვეითებული ჰქონდა სმენა, არადა, სურათი, ცხადია, ჩვეულებრივ ხმაზე მიდიოდა.
ჩვენება დასრულდა. ძალიან კარგად მიიღო მაყურებელმა. გამოვედი, მილოცავენ, შთაბეჭდილებას მიზიარებენ, ჩემთვის კი ყველაზე მნიშვნელოვანი ქალბატონ სესილიას შეფასებაა. როგორც იქნა, მივედი და…

„ეს რა ქენი, შე კაცო? ხალხმა კარგად კი მიიღო, მაგრამ რად გინდა – არაფერი ისმის, ის სიტყვები და მთელი ის იუმორი დაიკარგა“, – მსაყვედურობს. უმალ მივხვდი, საქმე რაშიც იყო და დავამშვიდე: „ქალბატონო სესილია, ეს პირველი ასლია, ცოტა ვერ არის კარგად გაკეთებული. ხვალინდელ ჩვენებაზე მეორე ასლი იქნება და თუ გინდათ, მოდით-მეთქი. მოვალო, – იმ წუთში არ დამთანხმდა?!
მეორე დღეს მოვიყვანე ჩემი უსაყვარლესი ბიძა სანდრო ანდრონიკაშვილი, რომელიც სესილიას ხნისა იყო და მასავით ყურმძიმე. სააპარატოში შევედი, ხმა ნორმაზე ბევრად მაღლა დავაყენებინე. ჩვენება დაიწყო და ის ჩვენი ეკრანი ყვირის და ყვირის. როდესაც დასრულდა, მაყურებლებმა მითხრეს, ძალიან კარგი ნამუშევარია, მაგრამ რას გვერჩი, რას დაგვაყრუე ხალხიო. ხოლო ქალბატონმა სესილიამ – აი, ახლა ნამდვილად კარგია და ყველაფერი შესანიშნავიაო. მერე სანდროს მივუბრუნდი. ბიძაჩემიც ძალიან კმაყოფილი დარჩა. ერთი სიტყვით, ყველა კი დავაყრუე, მაგრამ ჩემთვის უმთავრესი იყო, თავად ქალბატონ სესილიას გაეგო და გახარებოდა. მახსოვს, მითხრა კიდეც, ჩემი ნამუშევარი არ ვიცი, მაგრამ ფილმი ძალიან კარგიაო.”

 

გიგა ლორთქიფანიძე, რეჟისორი:

“ცნობილმა რეჟისორმა გიორგი ტოვსტონოგოვმა, რომელიც რუსულ თეატრში მუშაობდა, გადაწყვიტა, ლენინგრადში დაედგა სპექტაკლი. დადგა და სესილიას მოსწერა, ჩამოდით, ჩვენს სპექტაკლში ითამაშეთ ბებიას როლიო. სესილიამ კატეგორიული უარი შეუთვალა, რუსულად ვერ ვითამაშებო. მიუხედავად იმისა, რომ რუსული მშობლიურ ენასავით იცოდა, ვერ შეძლო ამ როლის თამაში. მაშინ ტოვსტონოგოვმა მოსწერა, ლონდონში მივდივარ გასტროლებზე, სპექტაკლი მიგვაქვს, წამოდით და ქართულად ითამაშეთო. მაინც უარი შეუთვალა სესილიამ. რომ ვკითხე, რატომ უთხარით-მეთქი უარი? „რა ვქნა, ილიკომ რომ მითხრას „ზდრავსტვუი, ოლგა“, გავიქცევი სცენიდანო“, მიპასუხა.”