20 სექტემბერი, 2017

ოლეგ ქოჩაკიძე გარდაიცვალა

82 წლის ასაკში საქართველოს სახალხო მხატვარი ოლეგ ქოჩაკიძე გარდაიცვალა.

“ჯადოსნური კვერცხი”, “სიზმარა”, “ბალადა მომღერალზე” – ეს იმ ანიმაციური ფილმების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც მხატვარმა იმუშავა. „ჭინჭრაქა“, „სეილემის პროცესი“, „რომეო და ჯულიეტა“, „ბებერი მეზურნეები“ – ეს კი იმ სპექტაკლების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც მის მიერ მხატვრულად გაფორმდა.

ინფორმაცია ოლეგ ქოჩაკიძის გარდაცვალების შესახებ რუსთაველის თეატრმა გაავრცელა:

“გარდაიცვალა საქართველოს დამსახურებული მხატვარი, მეტად გამორჩეული და საინტერესო პიროვნება ოლეგ ქოჩაკიძე. ცნობილმა სამეულმა – ალექსანდრე სლოვინსკი, ოლეგ ქოჩაკიძე და იური ჩიკვაიძე – თავისი განუმეორებელი კვალი დატოვა ქართულ თეატრში. რუსთაველის თეატრში მათ გააფორმეს ისეთი მნიშვნელოვანი სპექტაკლები, როგორებიცაა „ჭინჭრაქა“, „სეილემის პროცესი“, „რომეო და ჯულიეტა“, „ბებერი მეზურნეები“ და სხვა.

რუსთაველის თეატრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბატონი ოლეგის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს.”