20 სექტემბერი, 2017

თბილისის აზერბაიჯანულ თეატრში ახალი სეზონი პრემიერით გაიხსნება

თბილისის აზერბაიჯანული თეატრი ახალ სეზონს პრემიერით იწყებს.

დარიო ფოს პიესაზე „თავისუფალი ოჯახი“ რეჟისორი დავით ნიკოლაძე მუშაობს. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები ასლან მამედოვი, აიდა თაგიევა, ანარ გუმბათოვი, შეილა ჯაფაროვა და ლეილა კასუმოვა. 

სექტემბერის ბოლოს პრემიერაზე აზერბაიჯანელი არტისტები თეატრის ერთგულ მაყურებელს ძველ მისამართზე სახელდახელოდ მოწყობილ დარბაზში უმასპინძლებენ, რომელიც სულ 50 კვადრატული მეტრია და სადაც, არც მეტი, არც ნაკლები, 50 ადამიანი თავსდება.

ევროკავშირის და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის „ეროვნულ უმცირესობათა სამოქალაქო ინტეგრაცია საქართველოში და რეგიონალური ან უმცირესობათა ენების ევროპული ქარტია“ ფარგლებში, თეატრის ფასადზე ვახტანგ გორგასლის N1-ში, ქართულ, აზერბაიჯანულ და ინგლისურ ენაზე შესრულდა ისტორიულ-საინფორმაციო შინაარსის მქონე მარმარილოს დაფის მონტაჟი, რაც ეროვნული უმცირესობების მიერ საქართველოს განვითარებაში შეტანილი წვლილის წარმოჩენას ემსახურება.