“სულის ტკივილი გქონიათ ოდესმე?”

10 სექტემბერი, 2017

– კითხულობს მსახიობი ედმონდ აბაშიძე-მინაშვილი და იმ ტკივილზე საუბრობს, რომელიც მისთვის ყველაზე უმთავრესია:

“მე ახლა ვწერ იმას რაც ძალიან მტკივა, მტკივა ტკივილზე უფრო მეტად, სულის ტკივილი გქონიათ ოდესმე? გულის ტკივილზე საშინელებაა მერწმუნეთ, სულ მეფიქრება და მადარდებს…

მე, ერთ პატარა იმერულ სოფელში გავიზარდე, ულამაზეს სოფელში, ახლაც მახსოვს ჩემი ბავშვობის დღეები, ჩემი სოფლის შარაგზები, ყველა ქვა და ყველა კენჭი მახსოვს, მახსოვს გლეხების დაკოჟრილი ხელები, დუდუნებით შეკაზმული ორღობეები, ხელით ნათალი სარების უწყვეტი რიგები, მყარად შემაგრებული ღობეები, სიმწიფით აფეთქებული ბროწეულები, შაბიაბნით შეწამლული ვაზის ფოთლები და დახუნძლული სავსე მტევნები, სოფლის დაუვიწყარი სურნელი მახსოვს, ზღაპრულად მოვლილი და გადაგრიმული ბაღჩები და საძოვრები, რომელიც პეიზაჟებად რჩება სამუდამოდ ჩემს გონებაში, ვერცერთი მხატვარი ვერ დახატავს ისე იმ სილამაზეს, რომელიც თვალებს შემორჩა გაუმჟღავნებელ ფირებად, სარდაფში მიყრილ მტვრიან პორტრეტებად, გამუდმებით ჩამესმის უწყვეტ ნოტებად მრავალრიცხოვანი ოჯახების ჟრიამული, გადაძახილი ერთი ეზოდან მეორეში, ხვავით და ბარაქით დატვირთული ურმების ჭრიალი, შინური ფრინველებით გადავსებული ეზოები, ძაღლების ყეფა ცხენების ჭიხვინი, საძოვრებზე შესეული ცხოველები, ბუხრის საკვამურიდან ამოფეთქებული ნეკერჩხლის და აკაციის სურნელი, სოფლის ცენტრში შეკრებილი უხუცესები და მსჯელობა საერთო საქმისთვის, ხშირად მახსენდება ჩემი სკოლა, ჩემი პირველი მასწავლებლები…

ეჰ, რამდენი რამე და რამდენი ვინმე შემიძლია გავიხსენო… დღეს უმრავლესობა ცოცხალი აღარ არის, ყველა მახსოვს, ყველას თვალები მახსოვს, ყველას ნაამბობი ისტორიები რჩება ჩემში ტომეულებად, მრჩება და არასოდეს გაქრება, თუ რამ ვიცი და თუ რამეს წარმოვადგენ დღეს, ეს ჩემი სოფლის დამსახურებაა, ბავშვობის ბილიკის მონაპოვარი…

სოფელი ნამდვილად არის ცხოვრების სიბრძნე და მთავარი არსი, იქ მკაცრად ისწავლება: ვაჟკაცობა, პატიოსნება, შრომა, სიყვარული, რწმენა, ერთგულება, თავმდაბლობა, პადივისცემა, თავისუფლება და უფროს-უმცროსი, მიყვარს და მენატრება ჩემი ბავშვობა, ჩემი წუთისოფელი.

დღეს, სამწუხაროდ, იშვიათად ვსტუმრობ ბავშვობას, მაგრამ როცა ჩავდივარ, გული მტკივა, სული მეწვის როცა ვხედავ საზარელ სურათს – მიტოვებული სახლები, შერღვეული ღობეები, რომლებიც ინახავს სევდიან სურნელს, ტყედ გადაქცეული ეზოები – ცუდი სანახავია ძალიან!!!

მეგობრებო, მიგრაციის პრობლემა მწვავედ დგას დღეს, რაც წლები გადის, პრობლემა უფრო და უფრო მწვავდება, თაობა მიდის და ახალგაზრდები ფაქტიურად აღარ დარჩა სოფლებში. ასე თუ გაგრძელდა 15-20 წელიწადში სოფელი გაქრება, აღარ იარსებებს.

მერწმუნეთ, ვდგავართ დიდი საშიშროების წინაშე, აუცილებლად რაღაც ეფექტური ნაბიჯებია მოსაფიქრებელი და სასწრაფოდ გადასადგმელი, სხვა შემთხვევაში სოფელი აღარ იარსებებს და ქალაქიც სოფლის გარეშე ვერ იქალაქებს, დამეთანხმებით რომ, ძლიერი სოფელი ძლიერი ქვეყნის საწინდარია!”

გააზიარეთ

 
...