მოზარდ მაყურებელთა თეატრი 90-ე საიუბილეო სეზონისთვის ემზადება

5 სექტემბერი, 2017

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი ახალი 90-ე საიუბილეო სეზონისთვის ემზადება.

თეატრალური სეზონის გახსნამდე თეატრი 1-3 სექტემბრამდე პოლონეთის ქალაქ შეცინში კამერული სპექტაკლების საერთაშორისო თეატრალური ფესტივალზე „Pro Contra 2017″ წარსდგა.

ფესტივალზე თეატრმა ითამაშა რეჟისორ დიმიტრი ხვთისიაშვილის მიერ დადგმული მონოსპექტაკლი „ღამე და თუთიყუში”, რომელიც თამაზ ბაძაღუას პიესის მიხედვით განხორციელდა.

სპეციალურად ფესტივალისთვის ქართულენოვანი სპექტაკლი რუსულ ენაზე მსახიობმა ნიკა ფაიქრიძემ ითამაშა. სპექტაკლმა ანშლაგით ჩაიარა და დიდი მოწონება დაიმსახურა.

90-ე საიუბილეო სეზონი მოზარდ მაყურებელთა თეატრში 14 სექტემბერს გაიხსნება. წარმოდგენილი იქნება ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით დადგმული სპექტაკლი „მე, ბებია, ბაბუა და ჭინკები“, რომლის რეჟისორიც გიორგი თავაძეა.

22-24 სექტემბრის ჩათვლით თეატრის სამი სცენა დაეთმობა ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებების მიხედვით დადგმულ სპექტაკლებს „სარჩობელაზედ“, „საუკუნის მკვლელობა“, „მგზავრის წერილები“, რომლებიც კლასიკოსის 180 წლის იუბილეს მიეძღვნება.

21 სექტემბერს, თამაზ ბაძაღუას პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს „ღამე და თუთიყუში“ მსახიობი ნიკა ფაიქრიძე რუსულ ენაზე ითამაშებს.

29 სექტემბერს კი მცირე სცენაზე პრემიერა გაიმართება. პატარა მაყურებლისთვის რეჟისორი დავით ნიკოლაძე რუსულ ენოვან სპექტაკლს „თაგვები და ყველი“ წარმოადგენს.

90-ე საიუბილეო სეზონი პრემიერების გარეშე არ ჩაივლის. ერთ-ერთი პირველი პრემიერა ოქტომბრის თვეშია დაგეგმილი. თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში დიმიტრი ხვთისიაშვილის სპექტაკლის „სეილემის პროცესის“ პრემიერა შედგება.

ახალი სეზონიდან მაყურებელს არაერთი პრემიერა ელის. თეატრი რამდენიმე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზეც არის მიწვეული.

გააზიარეთ

 
...