“მთის საუფლოში არსად ისეთი მიუდგომელი საცხოვრისი არ არის, როგორიც არხოტია”

4 სექტემბერი, 2017

გოდერძი ჩოხელი და მისი ნაწარმოებები განსაკუთრებული სევდის მატარებელია.

სინამდვილიდან აღმოცენებული მოთხრობები თუ ლექსები მკითხველში უდიდეს მოწონებას იმსახურებს.

“არტინფო” გთავაზობთ გოდერძი ჩოხელის ნაწარმოებს, რომელიც საქართველოს ულამაზეს კუთხეს არხოტს და მის მაცხოვრებლებს ეხება:

“გარსია ხევსურული სახელია
არხოტი!
მთის საუფლოში არსად ისეთი მიუდგომელი საცხოვრისი არ არის, როგორიც არხოტია.
სოფლები:
ჭიმღა.
ამღა.
ახიელა.
კვირიწმინდა.
მოწამეთა.
გვარები:
ჯაბუშანურები.
წიკლაურები.
ოჩიაურები.
ნაროზაულები.
ცისკარაულები.
ბალიაურები.
თეთრაულები.
გაბურები.
ჭიუხები.
მთები.
ქვემოთ ღორღიანი ჭალა.
ჭალაზე მდინარე – ასა.
და ეს ყველაფერი ერთად – არხოტი.
და არხოტიონები სხვებს რომ ეძახიან ხევსურებს, თუმცა თვითონაც იმათი მოდგმისანი არიან.
ვინ იცის როდის დაემკვიდრნენ აქ.
ხნავენ.
სთესავენ.
მკიან.
ხდიან არაყს.
ადუღებენ სვიან ლუდს.
ღრეობენ.
მღერიან.
ლექსობენ.
ზამთრის გრძელ ღამეებში სხედან ხევსურის ქალები და ფარდაგებს ჰქსოვენ. გრძელი ზამთრით გულგაწყალებულებს გაზაფხული ენატრებათ და ფარდაგებზე ნაირ-ნაირ ყვავილებს ჰქარგავენ.
გაზაფხული ფეთქავს ხევსურულ ხალიჩებზე.
აქ უთქვამს ჯაბუშანურების წინაპარს:
”იარებოდა დედაი,
ტირილით თვალცრემლიანი”…
აქ ბევრის საკარგყმო დალეულა.
აქაურებს სწამთ იმ ქვეყნიური ცხოვრება. ქრისტიანებიც არიან და კერპთაყვანისმცემლებიც.
მიცვალებულის სულს დოღს უმართავენ. საფლავზე აცეკვებენ დაწურვილ ცხენებს.
დასაბამიდან თვითონ ჭედავენ ხმალ-ხანჯლებს.
მტრიანიც არიან და მოკეთის მიმყოლნიც.
მღერიან საკარგყმოს.
ქისტის ურიცხვი ლაშქარი შემორტყმია გარშემო არხოტს.
გაჭირდა თურმე ბრძოლა.
გადმომდგარა მაშინ ციხის ქონგურებზე თმებგაწეწილი ხევსური დედაკაცი და უკივლნია არხოტიონათვის:
– ქალ-ბალღიანად გაწყდითავ არხოტიონებო, ოღონდ მტერს არ დაანებოთ არხოტი!
მაშინ ეს სიტყვა მზესავით ჩაღვრია არხოტიონებს ძარღვებში.
მდინარე ასა სისხლისფერი გახდა…
თევზი დაიხოცა შიგ…
არხოტიონებმა გამარჯვების აღსანიშნავად სოფლის გორზე საერთო ქავის კარი ააშენეს, სადაც ურიცხვი მტრის მარჯვენა ჩამოხმა მერე.

***
არ უხოცია მტერი გარსია ოჩიაურს. არ ჩამოუკიდია ქავის კარზე ქისტის მარჯვენა.
არ გასდევნებია ხარ-ჯიხვებს ჭიუხებში.
გარსია ოჩიაურმა თავისი სიცოცხლე ცეკვაში გალია.
ცეკვავდა ბალღობაში.
ცეკვავდა არხოტის ბუნებით მთვრალი.
არხოტის მაღალი ცა უყვარდა.
დილით მთის წვერზე ეგებებოდა მზის ამოსვლას.
მზე ამოდიოდა.
ცეკვავდა გარსია ოჩიაური მთის წვერზე.
იმან არ იცოდა რა იყო დაღლა.
ეჩვენებოდა, რომ მასთან ერთად არხოტის მთებიც ცეკვავდნენ.
მთებს ეჯიბრებოდა.
ცოლი რომ მოიყვანა, მაშინაც ცეკვავდა.
შვილი რომ დაებადა, ცეკვავდა.
ოცდაათ წელს რომ გადააბიჯა, მაშინაც.
ვერაფრით ვერ გაძღა არხოტის სილამაზით.
– ერთი არხოტის მიწაზე ცეკვით გამაძღო და მომკლა თუნდაც! – ამბობდა გარსია და ცეკვავდა.
გაზაფხულზე პირველი ყვავილი რომ ამოვიდოდა, ეცეკვებოდა.
ტყე რომ გირჩს გამოისხამდა, ეცეკვებოდა.
მდინარე ასას ეცეკვებოდა.
– ასა! – გაჰკიოდა გარსია.
– ასა! – ხმას აძლევდა მდინარე.
გუგული რომ მოფრინდებოდა, იმასაც ეცეკვებოდა გარსია. არხოტის უძირო ციდან თოვლის პირველი ფიფქი რომ ჩამოვარდებოდა – იმასაც.
ამ ქვეყანაზე ყველაფრის მოსვლას ცეკვით ეგებებოდა.
არხოტი უყვარდა უზომოდ.
ერთი წუთითაც არ უფიქრია არხოტიდან სადმე წასვლა.
არ უხოცია მტერი გარსია ოჩიაურს.
არ ჩამოუკიდია ქავის კარზე ქისტის მარჯვენა.
არაფერი არ მოუკლავს.
დღეს გარსია ოჩიაურის საკარგყმოს სვამენ ხევსურულ სოფლებში აქა-იქ შემორჩენილი ხევსურები.

***
მთავრობის კაცები ამოვიდნენ არხოტში.
გადასახლება.
ამ სიტყვამ დალულა გარსია ოჩიაურის ძვალ-რბილი.
– კი მაგრამ, ჩვენ აღარ გვეკითხებიან გვინდა თუ არ გვინდა?!
– სად გვასახლებენ, რატომ?
– მლაშეში.
– მერე და, რითი სჯობია მლაშე არხოტს?!
– თუ ეხლა იქ არ წამოხვალთ, მერე მაინც ჩაგასახლებენ და შეიძლება უარესი ადგილი შეგხვდეთო.
ბევრი იფიქრეს ხევსურებმა.
დასხდნენ საფიხვნოში და ბჭობდნენ.
ერთ კვირაში უნდა მომზადებულიყვნენ წასასვლელად.
– კი მაგრამ, რაით სჯობია ”მლაშე”, არხოტს.
– ვერ გაერკვია გარსიას.
არც სხვებმა იცოდნენ, რაით სჯობდა არხოტს ”მლაშე”.
უარეს ადგილზე დასახლებას, მლაშე არჩიეს სოფლის თავკაცებმა.
დაიწყეს მზადება.
შეკრეს ბარგი.
შეაგროვეს საქონელი.
გამოკეტეს საბძლები.
და ბოლო ღამეს დასხდნენ საფიხვნოში.
ხმას არავინ იღებდა.
გარსია ოჩიაურის შვილებმაც გაამზადეს ბარგი.
ისინიც საფიხვნოში დასხდნენ.
ისხდნენ და მიწას ჩაჰყურებდნენ ხევსურები.
ხვალე უნდა წასულიყვნენ აქედან.
გარსია ადგა და მაღლა ბანზე ავიდა.
მზე ჩადიოდა არხოტის მთებში.
ამ წუთში არხოტის მთების უსაზღვრო სიყვარული იგრძნო გარსია ოჩიაურმა.
ხვალე გადაასახლებენ.
დღეს უნდა იცეკვოს გარსია ოჩიაურმა.
შეიძლება ვეღარასოდეს ამოვიდეს აქ.
მზე ჩადის.
და ცეკვავს გარსია.
ღამდება.
ცეკვავს.
ამოდის მთვარე.
ხევსურები ბანს შემორტყმიან და უხმოდ მისჩერებიან გარსიას.
– ასა! – კივის ის.
– ასა! – ბანს აძლევს მდინარე.
ფეხებზე ქალამნები აცვდება. მაინც ცეკვავს.
მერე წინდებიც ცვდება.
ცეკვავს.
ფეხის გულებიდან სისხლი მოსდის.
ჯერ წვეთ-წვეთად…
მერე თქრიალით.
ტკივილს არ იმჩნევს გარსია.
უნდა გაძღეს არხოტის მთებში ცეკვით.
სხვა დროს შეიძლება ვეღარც ამოვიდეს აქ.
სისხლი და მიწა ერთმანეთში ირევა.
გარსია ვერ გრძნობს, რომ სისხლმა ბანი აატალახა.
ის ვეღარაფერს ვეღარ გრძნობს, ერთი სურვილით არის შეპყრობილი:
უნდა გაძღეს არხოტის მთებში ცეკვით.
ილევა ღამე.
თანდათან სისხლად იცლება მოხუცი.
მაინც ცეკვავს.
ხევსურები უხმოდ უყურებენ.
ვერავინ ვერ ბედავს ახლოს მისვლას, რომ გააჩერონ.
თენდება თანდათან.
მტრედისფრად გალობენ არხოტის მთები.
ცეკვავს გარსია ოჩიაური.
– ასა! – ერთხელაც გასძახებს მთებს და მზის სხივებს შეაშრება იმისი სული.
ერთი წამით ხელგაშლილი დგას.
მერე გულაღმა დაეცემა არხოტის მიწაზე.
ხევსურებმა ამოსულ კაცებს სთხოვეს, რომ ერთი კვირა დაეცალებინათ.
დაასაფლავეს გარსია და იმის სულის მოსახსენებლად გამართეს დოღი.
არავის ჩამოვარდნია ცრემლი.
ცხენების ჭენებაში მოიკლეს ბოღმა.”

გააზიარეთ

 
...