ილია ჭავჭავაძე სახვით ხელოვნებაში

10 სექტემბერი, 2017

საზოგადოებრივი და შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივი“ 12 სექტემბერს სხვადასხვა ტიპის კულტურული, სახელოვნებო, შემეცნებითი და სამოქალაქო აქტივობების საშაულებით, წელს უკვე მეოთხე წელია აღნიშნავს ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღეს და ახორციელებს პროექტს „დღე, როცა ვერ მოჰკლეს ილია“.

წელს პროექტის ერთ-ერთ აქტივობად საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში მხოლოდ 1 დღით წარმოდგენილი იქნება გამოფენა „ილია – სახვით ხელოვნებაში“.

საგამოფენო ექსპოზიციაში გაერთიანებულია ბოლო 15 წლის მანძილზე თანამედროვე სახვითი ხელოვნების არტისტების მიერ შექმნილი ილია ჭავჭავაძის სკულპტურები, ფიგურატიული ქანდაკებები, ფერწერული პორტრეტები და ხატწერის ნიმუშები, რომლებიც ექსკლუზიურად „ეროვნული იმპერატივის“ მიერ არის შეგროვებული და ერთიან ექსპოზიციაში გაერთიანებული.

თითოეული მათგანი ორიგინალია და ერთადერთი ეგზემპლარი, რომელიც ორგანიზატორებმა სპეციალურად ილია ჭავჭავაძის საიუბილეო წლისათვის შეაგროვეს ავტორთა პირადი და სხვადასხვა კერძო პირთა კოლექციებიდან. ყოველი ეს ნიმუში საჯაროდ პირველად იქნება წარმოდგენილი.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება, ისეთი ცნობილი მოქანდაკეების სკულპტურები, როგორებიც არიან: გია ჯაფარიძე, გენადი ზაქარაია, მერაბ მერაბიშვილი; ფერმწერა გიორგი გეგეჭკორისა და ალექსანდრე ციხელაშვილის მიერ შესრულებული ილიას პორტრეტები და ხატწერის იშვიათი ნიმუშები, ავტორები: ირაკლი მაისურაძე, თამარ რიგიშვილი, ქეთევან ყურაშვილი, ირაკლი ჭუმბურიძე. ასევე, ერთი უიშვიათესი ნიმუში, რომლის მხოლოდ ასლია საქართველოში – XIX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში უცნობი რუსი მხატვრის მიერ ტუშში შესრულებული ილიას პორტრეტი, რომელიც მოგვიანებით თავად ილიამ ფრანგ დიპლომატს აჩუქა და ახლა ეს ორიგინალი საფრანგეთშია დაცული; ამიტომ გამოფენაზე ეს ერთი ნიმუში იქნება კოპიოს სახით წარმოდგენილი. თუმცა, იგი მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ იძლევა საშუალებას ზუსტად აღვიქვათ, როგორ გამოიყურებოდა ილია ამ პორტრეტის შექმნის დროისათვის.

აღნიშნული ექსპოზიცია „ეროვნული იმპერატივის“ მიერ განხორციელებული, ილია ჭავჭავაძის საიუბილეო პროექტის „ილია ჭავჭავაძე 180 – უკვდავების ფენომენი“ – ფარგლებში, საქართველოს 19 მუნიციპალიტეტში იყო წარმოდგენილი. ამჯერად კი, მისი ნახვა ხელოვნების თბილისელ მოყვარულებს 12 სექტემბერს მხოლოდ 1 დღით მთელი დღის მანძილზე ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეეძლებათ.

გააზიარეთ

 
...